რა პრობლემებით მიმართავენ ქართველი მამაკაცები საკუთარი უფლებების დასაცავად უფლებადამცველის აპარატს

რამდენად ცდილობენ ქართველი მამაკაცები საკუთარი უფლებების დაცვას? ამის გასარკვევად „კვირა“ სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტს დაუკავშირდა.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე სხილაძემ გენდერული თანასწორობის დეპარტამენტში მამაკაცთა მომართვიანობის შემთხვევებიდან ორი საკითხი გამოარჩია, რომელთან დაკავშირებითაც მამაკაცებმა მათი უფლების დაცვა მოითხოვეს.
„ძირითადად, მოგვმართავენ ორ საკითხზე. ეს არის ოჯახში ძალადობასა და შრომის უფლებასთან დაკავშირებით.
2014 წელს ორმა მამაკაცმა მოგვმართა ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით. ისინი დამსაქმებლებისაგან პრობლემებს აწყდებოდნენ და აღნიშნული მიზნით შვებულებით ვერ სარგებლობდნენ.
ჩვენი კომუნიკაციის და საქმის შესწავლის პროცესში მათ შეძლეს, რომ ე.წ. დეკრეტული შვებულებით ესარგებლა ორივე მამაკაცს. ასევე, ძირითადად, ჩვენი განმცხადებლები არიან ხანდაზმული მამაკაცები, რომლებიც განიციდიან ოჯახში ძალადობას. მაგალითისთვის, 2014 წელს რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. მოგვმართეს ხანდაზმულმა მამაკაცებმა, რომლებიც შვილისგან და ოჯახის სხვა წევრებისგან ძალადობას განიცდიდნენ“, – განაცხადა სხილაძემ.

მისი თქმით, 2014 წელს დეპარტამენტს შრომით ურთიერთობასა და ძალადობასთან დაკავშირებით დაახლობით 19-მა მამაკაცმა მიმართა. მისივე თქმით, რამდენიმე განცხადება მიიღეს 2015 წელსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები