რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის, ჯანდაცვის პროექტები განხორციელდება
ის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს უბრუნდება, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია“, – განუცხადა „კვირას“ კლინიკის დირექტორმა ავთანდილ იმედაძემ. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების შესახებ პროექტს ამზადებს, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.
როგორც რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა „კვირას“ განუცხადა, ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს კუთვნილებაში აღმოჩნდება, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია.
„ფაქტი, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს დაუბრუნდება, მისასალმებელია და ძალიან კარგია. ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად მუშაობდნენ, ასე, რომ სამართალმა იზეიმა. ამჟამად საავადმყოფო ეკონომიკის ბალანსზე იმყოფება და რამდენიმე თვეში სახელმწიფოს ბალნსზე გადავა. ის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს უბრუნდება, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. სახელმწიფოს პროექტების განხორციელების საშუალება ექნება ერთ-ერთ მძლავრ კლინიკაში, სადაც პაციენტებისათვის ძალიან ბევრი საკითხი გადაწყდება. ყველაზე კარგი, რაც მომავალში იქნება, არის ის, რომ ფასების რეგულაციების საკითხი მოგვარდება, ჯანდაცვის პროექტები განხორციელდება, სახელმწიფო ამდენ ფულს ხარჯავს სხვადასხვა პროექტისთვის, რაც შესაძლებელია მომართული იყოს ამ პროექტებისთვის. სახელმწიფოს საშუალება ექნება, თავის კლინიკაში განახორციელოს ეს პროექტები. ეს არის ძალიან დიდი საქმე, ვერცერთ სახელმწიფოს ვერ დამისახელებთ, სადაც სახელმწიფოს კლინიკა არ ჰქონდეს, ამიტომ თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს დიდი ძალისხმევა, ეს კლინიკა სახელმწიფოს არ დაუბრუნდებოდა“, – აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა.
მისი თქმით, ყველა პროცედურა რამდენიმე თვეში დასრულდება. იმედაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების პროექტზე მუშაობს, სადაც შესაძლებელი იქნება მომავალში საავადმყოფოს შენობა მთლიანად ათვისებული იყოს. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი არ გამორიცხავს, რომ კლინიკის ამჟამინდელ შენობას კიდევ რამდენიმე სართული დაემატოს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესი, სავარაუდოდ, ერთ თვეში, მაისის ბოლოს დასრულდება. მისი თქმით, სწორედ ამ პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვევა, რა დონის, როგორი და რამდენ საწოლზე გათვლილი უნდა იყოს ეს საავადმყოფო. მომდევნო ეტაპზე, რესპუბლიკურთან ერთად, სახელმწიფო გამოაცხადებს ტენდერს სამი კლინიკის ინვესტორის მოძიების მიზნით, თუმცა საუბარია არა გასხვისებაზე, არამედ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის თანამფლობელობაზე. ეს კლინიკებია რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო და ონკოცენტრი. კვარაცხელიას ინფორმაციით, მთავრობა არ აპირებს ამ კლინიკების გაყიდვას და საუბარია მსოფლიოში აპრობირებულ, ე.წ. თანაარსებობის პრინციპზე, რათა სახელმწიფომ შეინარჩუნოს საკუთარი პოზიციები ამ სტრატეგიულ კლინიკებში.