თბილისში 3 მაისს „სიცილის კარნავალი“ გაიმართება
3 მაისს მსოფლიო სიცილის დღის აღსანიშნავად საქართველოში კოსტიუმირებული „სიცილის კარნავალი“ გაიმართება. როგორც კარნავალის ორგანიზატორებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ეს იქნება დღესასწაული, რომლის დამსწრე საზოგადოება მაყურებელი კი არა, არამედ ყველა მოვლენის მონაწილე თავად იქნება.
სპეციალურად ამ დღისთვის ინდოეთიდან ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სიცილის ლიდერი მაგნო (დათო) შავდია, რომელიც უკვე 20 წელია უცხოეთში ცხოვრობს და ამ სფეროში მოღვაწეობს. მაგნო სიცილის თერაპევტი და ინდოეთის ფერწერის სწავლების ხელმძღვანელი გახლავთ – ზედმეტსახელად მას „სიცილით მკურნალს“ ეძახიან. მაგნო შავდიას ყოველწლიურად იწვევენ უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში სიცილის ტრენინგების ჩასატარებლად. 3 მაისს მაგნო ქართველი ხალხის სიცილზე იზრუნებს.
„სიცილის დღეს მსოფლიოს 72 ქვეყანაში აღნიშნავენ, რატომ არ უნდა იყოს მათ შორის საქართველოც? ეს კარნავალი არ იქნება რაიმე თეატრალური წარმოადგენა, სადაც მოსულ სტუმარს საშუალება ექნება უმზიროს მათ, ეს იქნება დღესასწაული, რომელშიც ყველა უშულოდ იქნება ჩართული. მე პირადად საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანე 8 კილო ფერი. მათში სხვადასხვა ლამაზი ფერია და ადამიანები კარნავალზე ამ ფერებს ერთმანეთს ესვრიან. ისინი ამით თავიანთ ემოციას გამოხატავენ“, – განაცხადა კარნავალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მაგნო შავდიამ.
კარნავალზე მისულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. როგორც ორგანიზატორებმა განმარტეს, ამ დღეს სიცილის საფასურად მოქალაქეები საჩუქრებსაც კი შეიძენენ.
„სიცილის კარნავალზე“, სიცილის საფასურად გაიყიდება – გამაგრილებელი სასმელები, ტკბილეული, ფუნთუშები, სათამაშოები და საკარნავალო აქსესუარები. მობილიზებული იქნება სიცილის ფესტივალის მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ და იზრუნებენ საზოგადოების პოზიტიურ განწყობაზე.
„ გაგიმხელთ ერთ სიურპრიზს და გეტყვით, რომ ამ დღეს წვენი, სათამაშოები და ასე შემდეგ, შეგეძლებათ მხოლოდ სიცილის საზღაურად შეიძინოთ, მაგალითად, კონკრეტული სათამაშო 10 წამი სიცილი ეღირება. აუცილებელია ამ კარნავალზე მოქალაქეები საკარნავალოდ გამოწყობილები მოვიდნენ. აკრძალულია შავი ფერის სამოსის ჩაცმა“,- აღნიშნა კარნავალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დეა თავბერიძემ.
ორგანიზატორებმა ღონისძიებაში ახალგაზრდებისა და ბავშვების ჩართულობაზეც ისაუბრეს. როგორც „კვირას“ პრესკლუბში რუსუდან ოსეყმაშვილმა განმარტა, „სიცილის კარნავალში“ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.
საკარნავალო მსვლელობა რუსთაველზე პარლამენტის შენობიდან 14:00 საათზე დაიწყება.
კარნავალის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია თანამედროვე ხელოვნების კვლევის ლაბორატორია. ლაბორატორიის დამფუძნებელი და ხემძღვანელმა, რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ აქცენტი კარნავალის საჭიროებაზე გააკეთა და საზოგადოებას ღონისძიებაზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დიდი ხანია გვჭირდება ასეთი ინიციატივები, განსაკუთრებით კი ეს სჭირდება რუსთაველის გამზირს, სადაც წლების განმავლობაში უაროფითი მუხტია დაგროვილი. აქ ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი საზოგადოების მონაწილეობა იქნება, ამიტომ ვთხოვ, საზგადოებას „სიცილის კარნავალზე“ მოვიდნენ.
„თბილისის კარნავალის“ საინფორმაციო მხარდაჭერები: გაზეთი „პრაიმტაიმი“ , საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტი“, საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალი „კვირა“, საიფორმაციო სააგენტოები: „პირველი“, „რეპორტიორი“, „ნიუსპრესი“, „tvfree”, ინტერნეტჟურნალი „ჟოლო“. რადიო „მაესტრო“, „gnnews.ge“, სატელევიზიო არხი Miusic Box არიან.