ბიძინა ივანიშვილი: თუ ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს, დარეკეთ „ჯი – დი – ესში“
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ირგვლივ ჭორების მეტი არაფერია, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინიტრმა, ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მანვე, შავლიაშვილის გადადგომასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„შავლიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. სად არის აქ კითხვა, მე არ ვიცი. ინსინუაციები არ სჭირდება ამას, როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ მინისტრმა გეგმა 107 პროცენტით შეასრულა და წარმატებული მინისტრი იყო. გარდა ჭორებისა, რაც შავლიაშვილის ირგვლივაა, ხელში არაფერი გვაქვს, თუ ვინმეს რამე ინფორმაცია აქვს, დარეკეთ „ჯი- დი- ესში“. მე პირადად გავუძღვები ამ კითხვებს და ჩავყვები ბოლომდე. დღეს ჭორების მეტი ამ სამინისტროს ირგვლივ არაფერი გვაქვს“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ნოდარ ჯავახიშვილი მთელი გუნდიდან გამორჩეულია თავისი პრინციპულობით.
„შევარდნაძის დროს ის ლამის ერთადერთი კაცი იყო, რომელიც იბრძოდა და დაიჭირა ვალუტის კურსი და, საერთოდ, თავისი პრინციპულობით გამოირჩეოდა. ამიტომაც, გვაქვს საფუძველი, რომ თუკი რაიმე მოხდა, დაველოდოთ ჯავახიშვილის მუშაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.