საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ბიძინა გიორგობიანს მოუსმინეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს – ბიძინა გიორგობიანს მოუსმინეს.
საკრებულოს ინფორმაციით, სხდომა კომისიის თავმჯდომარის – შორენა ბუხრაშვილის ინიციტივით, თამარაშვილის ქუჩაზე ხეების მოჭრის ფაქტთან დაკავშირებით გაიმართა, რაზეც ბიძინა გიორგობიანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია წარუდგინა.
ბიძინა გიორგობიანის განმარტებით, ოთხიდან ერთ-ერთი დეველოპერი განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებას არ დაელოდა, რითაც წინასწარი დათქმა დაარღვია და ამ ტერიტორიაზე ხეების ჭრა დაიწყო. ამჟამად პროცესი შეჩერებულია და საკრებულოსთან განაშენიანების გენერალური გეგმის შეთანხმებამდე ვერ გაგრძელდება.
სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დეპუტატებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა საკუთარი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოთქვეს, ამასთან, მერიის შესაბამის სამსახურებს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს.
მოსმენას, კომისის წევრების გარდა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები, დეპუტატები, მერიის საქალაქო სამსახურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თამარაშვილის ქუჩის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები