თეა წულუკიანმა ფოთში მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქალაქ ფოთს ესტუმრა. მან იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა, პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფოთის იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. ეს რიგით მეორე იუსტიციის სახლია, რომელიც სამეგრელოს რეგიონში შენდება.
ზუგდიდის იუსტიციის სახლი 2014 წლის ივნისში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა. ის პირველი იუსტიციის სახლია, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს ფუნქციონირებს და ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის იქით მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს საშუალებას აძლევს, 200-ზე მეტი სერვისი ერთი ფანჯრის პრინციპით მრავალსაათიანი მგზავრობის გარეშე მიიღოს. იუსტიციის სახლების მთავარი დანიშნულება სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. დღეისათვის 13 სერვისცენტრი, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში მოქმედებს და დღის განმავლობაში 20 000-ზე მეტ მოქალაქეს ემსახურება. მიმდინარე წელს იუსტიციის სახლები კიდევ სამ ქალაქში − ფოთში, თიანეთსა და ყაზბეგში − გაიხსნება, სერვისცენტრების მშენებლობა კი ლაგოდეხში, მცხეთასა და ონში დაიწყება. იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს სამსახურების და სხვა უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი. კომფორტული გარემო და მაღალკვალიფიციური პერსონალი მომხმარებლის თავაზიან, სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები