ირაკლი ღარიბაშვილი: „სოლიდარობის ფონდის“ დახმარებით რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით

რაც ყველაზე სასიხარულოა, „სოლიდარობის ფონდის“ დახმარებით ჩვენ შევძელით ძალიან მოკლე დროში რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „სოლიდარობის ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ფონდის საქმიანობას უკვე შეუერთდა 240 საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი და 17 კერძო კომპანია.
„ეს არის სოლიდარული საზოგადოებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ცივილიზებული სახელმწიფო და საზოგადოება გვერქვას. 9 თვის განმავლობაში ფონდში 2 მილიონ 400 ათასი ლარის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რითაც პირველ ეტაპზე პრაქტიკულად გადაიჭრა 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისათვის ფინანსური პრობლემა. დღეისთვის დამტკიცებულია 86 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრული დაფინანსება. უკვე არსებობენ კონკრეტული ბავშვები და ახალგაზრდები, რომელთა მკურნალობაც ფონდმა დააფინანსა და მათი სიცოცხლე გადაარჩინა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, ფონდში მობილიზებული თანხები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ყველა იმ ბავშვის და ახალგაზრდის მკურნალობა დაფინანსდეს, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება.
„ამიტომ უნდა მოვუწოდოთ ყველას, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფონდის საქმიანობაში, უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად; რაც ძალიან მნიშვნელობანია იმ კუთხითაც, რომ ეს არის კონკრეტული ნაბიჯები სოლიდარული სახელმწიფოს შექმნისკენ,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„სოლიდარობის ფონდის“ საქმიანობის ანგარიში მთავრობის მეთაურს ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა წარუდგინა. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას მთავრობის წევრები და ბიზნესის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები