ზაქარია ქუცნაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ თბილისის პარლამენტში საქმიანობაზე უარს აცხადებენ, ხელფასებს კი იღებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღევანდელი პლენარული სხდომის ჩაშლას “ნაციონალური მოძრაობის” საბოტაჟი უწოდა. მისი შეფასებით, პარტია თბილისის პარლამენტში სხდომებს მიზანმიმართულად არ ესწრება.
“ეს არის საბოტაჟის კლასიკური გამოვლინება. ისინი თბილისის პარლამენტში საქმიანობაზე უარს აცხადებენ, ხელფასებს კი იღებენ. ამას ამართლებენ იმით, რომ ქუთაისის პარლამენტში უნდა იმუშაონ. ქუთაისში ვართ, სხედან დარბაზში, არანაირ ტექნიკურ შეფერხებას არ აქვს ადგილი და ეწევიან საბოტაჟის საქმიანობას. წარმოგიდგენიათ, თუ რას იზამს ეს ხალხი თავისი გავლენის ქვეშ მყოფი პირების მიმართ. რა დავალებებსა თუ ინსტრუქციებს მისცემენ ღია, თუ ფარული მოქმედებების განხორციელების სახით”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მდივანი, ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ პლენარულ სხდომაზე არდასწრება პარტიის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა ჩაიშალა, რადგან მესამე რეგისტრაციის დროს ტაბლოზე 68 დეპუტატის ხმა დაფიქსირდა, კვორუმი კი 76 იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები