„შესაძლოა, პოლიციელების მკვლელობები შეკვეთილი იყო”

არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული საქართველოს” ხელმძღვანელის ბექა გაბუნიას ინფორმაციით, შალვა აბულაძეს, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან, ირაკლი ფირცხალავასთან და ზაზა ჭაიასთან უშუალო კავშირი ჰქონდა.
როგორც გაბუნიამ “პირველ პრესკლუბში” განაცხადა, მის ორგანიზაციას აქვს ინფორმაცია, რომ შალვა აბულაძემ, ზაზა ჭაიასთან ერთად, ვანო მერაბიშვილის საკანში შარშან წერილი შეაგზავნა, რომლის საშუალებითაც, ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს დაბადების დღეს ულოცავდნენ და თანადგომას უცხადებდნენ. ამის გამო ორგანიზაცია ეჭვობს, რომ აბულაძის მიერ ჩადენილი მკვლელობები შეკვეთილი იყო.
“ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ააშკარავებს, პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძის უშუალო კავშირს ვანო მერაბიშვილთან და მჭიდრო ურთიერთობებს “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტ “სამართალდამცავთა დაცვის ლიგასთან”, კონკრეტულად კი სკანდალურად ცნობილ ირაკლი ფირცხალავასთან და ზაზა ჭაიასთან. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შარშან შალვა აბულაძემ წერილი შეაგზავნა ვანო მერაბიშვილის საკანში. იმავე კონვერტში იყო მოთავსებული ზაზა ჭაიას წერილიც, რომლის საშუალებითაც ისინი მერაბიშვილს დაბადების დღეს ულოცავდნენ და მას თანადგომას უცხადებდნენ. ჩვენ საქართველოს ფოსტასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან ამ ფაქტის დადასტურება წერილობით მოვითხოვეთ, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს დაინტერესდნენ ამ ფაქტით, რადგან ჩვენ ვეჭვობთ, რომ შესაძლოა, ამ მკვლელობებს შეკვეთილი ხასიათი ჰქონდეთ, რათა სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაცია მოხდეს. პოლიციელების მკლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის კავშირების გამოვლენამ შესაძლოა ფარდა ბევრად ფართო კამპანიას ახადოს. ლოგიკური სქემა ასეთია – იგეგმება მკვლელობები, რომლებიც მიზნად ისახავს მთავრობისა და შსს-ს დისკრედიტაციას, შემდეგ კი ამ მკვლელობებს დაინტერესებული მხარე პოლიტიკურ ელფერს აძლევს. სწორედ ამ სქემების დასადგენადაა საჭირო, ამ მიმართულებით გამოძიების დაწყება”, – განაცხადა “პირველ პრესკლუბში” ბექა გაბუნიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “პროგრესული საქართველოს” ხელმძღვანელი სამართალდამცავი უწყებებისგან შალვა აბულაძის ბოლო თვეების მოღვაწეობის, მათ შორის ზაზა ჭაიასთან და ირაკლი ფირცხალავასთან მისი კავშირების უფრო ღრმა და ფართო გამოძიებას ითხოვს. ოფიციალური განცხადებით ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს უახლოეს პერიოდში მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები