საქართველო ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ობსერვატორიის საერთაშორისო თანამშრომლობის სექტორის ხელმძღვანელი სესილი მარტელი და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ბორის იაროჩევიჩი, ექსპერტები საქართველოდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, მოლდოვადან, პოლონეთიდან და ხორვატიიდან.

ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპული ობსერვატორიისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ერთობლივი ღონისძიება 16 აპრილს იუსტიციის მინისტრმა გახსნა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ პროდუქტიულ ურთიერთობაზე ისაუბრა, რაც საქართველოსა და ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულ ობსერვატორიას აკავშირებთ. იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობის მნიშვნელობას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში და განსაკუთრებით აღნიშნა მათი რეკომენდაციების როლი საქართველოში მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საქმეში. აღნიშნული ღონისძიების მონაწილეებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ ისაუბრეს, გაეცნენ ევროპის ადრეული გაფრთხილების სისტემას, რომელიც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დროულ გამოვლენას, მათი შესაძლო შედეგების შეფასებას და სათანადო კონტროლის მექანიზმების გატარებას უზრუნველყოფს. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის. მათი რაოდენობა მსოფლიოში სულ უფრო მატულობს. ამ ნივთიერებების კონტროლის მიზნით სახელმწიფოები სხვადასხვა მექანიზმს მიმართავენ. საქართველომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონი 2014 წლის პირველ ნახევარში მიიღო, რომელიც ევროპული ქვეყნების გამოცდილებას ემყარება. თუმცა, დღევანდელი კონფერენცია კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოს თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ და ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ სახელმწიფოებთან. ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ობსერვატორია ევროკავშირის ნარკომანიასთან ბრძოლის სააგენტოს წარმოადგენს. მასთან თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ერთ-ერთი მიმართულებაა. უახლოეს მომავალში ქართულ მხარესა და ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ევროპულ ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმსაც მოეწერება ხელი, რაც ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები