დავით ბაქრაძე უნგრეთში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრი დავით ბაქრაძე უნგრეთის ქალაქ ბუდაპეშტში საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტიკური დირექტორს ლევენტე ბენკოს, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ჩაბა ბალოგს შეხვდა. ამასთან, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ოფისის წარმომადგენლებთან, სახელმწიფო მდივანთან ევროკავშირის საკითხებში საბოლჩ ტაკაჩსა და სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ვინცე სალაი-ბობროვნიცკისთან.
შეხვედრებზე სახელმწიფო მინისტრმა უნგრეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებების, აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. სახელმწიფო მინისტრმა განსაკუთღებით აღნიშნა სამიტის მნიშვნელობა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დემოკრატიული რეფორმებისა და ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესი ადეკვატურად აისახება სამიტის გადაწყვეტილებებში. თავის მხრივ, უნგრეთის მხარის წამომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებისა და სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის შესრულების კუთხით მიღწეული შედეგები და დაადასტურეს უნგრეთის ხელისუფლების მზაობა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხადაჭერის თაობაზე. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, აგრეთვე, ხაზი გაუსვეს საქართველოს მთავრობის მიერ ნატოში ინტეგრაციის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებების მნიშვნელობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ უნგრეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერია. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები