იური ვაზაგაშვილთან ინტიმურ ურთიერთობაში დადანაშაულებული ქალი სოსანაშვილს და მის ადვოკატს უჩივლებს

იური ვაზაგაშვილის თანასოფლელი ქალი, ვისთან ინტიმურ კავშირშიც იური ვაზაგაშვილს ბრალი დასდეს, სოსანაშვილის მხარეს და მის ადვოკატს პასუხობს.
როგორც მადონა მელაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მადონა მელაძის განცხადებით, ის და იური ვაზაგაშვილი ახლო ნათესავები არიან, ამიტომ აღნიშნულ ცრუ ბრალდებას არავინ დაიჯერებს. მადონა მელაძე მისთვის პატივისა და ღირსების შელახვისთვის გია სოსანაშვილის მხარეს სასამართლოში უჩივლებს.
„მე ვარ ვაზაგაშვილების ოჯახის მეზობელი, მე მათი ოჯახის რძალი არ ვარ. მე მათი სისხლი და ხორცი ვარ, ბებიაჩემი და იურის დედა ალალი დები არიან. როდესაც იუზი ვაზაგაშვილი სოფელში მოდიოდა, ჩვენი ოჯახი მივდიოდით მასთან და ვაკითხავდით მას, ის მგლოვიარე იყო, დღედაღამ ტიროდა. ვანუგეშებდით მას, რომ ეს ტკივილი გადაეტანა. არავინ ამას არ დაიჯერებს. 2006 წელს იური ვაზაგაშვილს შვილი მოუკლეს, ჩვენ „ნივა“ 2008 წლის დასაწყისში ვიყიდეთ, როგორ გგონიათ, ამ დროს მას ამისთვის ეცალა? მანქანა ჩვენი შრომით ვიყიდეთ. ამას მთელი სოფელი დაადასტურებს. რაც შეეხება ჩემი მეუღლის ძმებს, რომლებმაც თითქოსდა, სოფლი დატოვეს ჩემ გამო, ერთი მათგანი ვლადიკავკაზში 1990 წელს წავიდა და იქ ცხოვრობს, მეორე ძმა კი მეორე ჯგუფის ინვალიდია და შვილივით ვუვლი. არცერთი სიტყვა, რაც თქვეს, სიმართლეს არ შეესაბამება. ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩემს ოჯახს, ძალიან დიდი სტრესი მივიღე, ამას არავის ვაპატიებ, ვიჩივლებ და ჩემთვის და მიცვალებულის შეურაცხყოფისთვის პასუხს მოვთხოვთ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებს“, – განაცხადა მადონა მელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, შესაძლოა, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო.
„შესაძლებელია ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარიყო. როგორც გია სოსანაშვილმა მითხრა, გარდაცვლილი ვაზაგაშვილი დადიოდა მელაძეების რძალთან, ვის გასვენებაშიც აპირებდა წასვლას, იმ მელაძეებს ვგულისხმობ. ამ ქალს მადონა ჰქვია, ამის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა. შემდეგ ოჯახებს ამის გამო კონფლიქტიც მოსვლიათ და იური ვაზაგაშვილს ქალბატონის ქმრისთვის „ნივა“ უჩუქებია, რომ გაჩუმებულიყო. არ არის გამორიცხული, ამ ხალხმა მოაწყო ეს ყველაფერი, რადგან თავზე ლაფდასხმული დადიოდა ეს კაცი. ამ კაცის ძმები სხვა სოფლებში არიან გადასულები, ამ ამბის გამო იქ არ ჩერდებიან. ამ ყველაფერს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ახსნა-განმარტებაში ჰყვება“, – განაცხადა სოსანაშვილის ადვოკატმა სოსო ჯოგლიძემ.
სოსანაშვილი ვაზაგაშვილის დისკრედიტაციაში და სიცრუეში დაადანაშაულა ვაზაგაშვილის ოჯახის კიდევ ერთმა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
„სოსანაშვილის მიზანია, საზოგადოებაში უარყოფითი აზრი შექმნას იური ვაზაგაშვილის მიმართ. ეს არის უზნეობა. თუმა სოსანაშვილს ზნეობას ნამდვილად ვერ მოვთხოვ. გაიხსენოს სოსანაშვილმა, რას წერდა იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ. გაიხსენოს, რატომ იძიებდა ინფორმაციას იანვრის დასაწყისში იური ვაზაგაშვილისა და ზურა ვაზაგაშვილის შესახებ. უმჯობესია სოსანაშვილი თავის საკანში, მისსავე წარსულზე დაფიქრდეს და ამით დაკავდეს“,- განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები