ვაზაგაშვილების ადვოკატი სოსანაშვილის მხარეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და მასზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ სოსანაშვილსა და მის ადვოკატს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მოსიაშვილი ცრუ ინფორმაციების გამოძიების მხრიდან გადამოწმებას და მის გავრცელებაში ბრალეული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, სოსანაშვილის მხარე მიზანმიმართულად კვებავს საზოგადოებას ცრუ ინფორმაციებით, რომ ამით იური ვაზაგაშვილის პიროვნების დისკრედიტაცია მოახდინონ.
„მედიასაშულებებით გავრცელდა ცრუ ბრალდებები და ინფორმაცია, რომლითაც სოსანაშვილის დაცვის მხარე კვებას საზოგადოებას. ის ავრცელებს არასწორ ინფორმაციებს. ეს მოკლული იური ვაზაგაშვილის პიროვნების დისკრედიტაციაა. ამით ისინი ცდილობენ იური ვაზაგაშვილის პიროვნების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება დათესონ. ერთი განცხადება იყო ის, რომ თურმე დაკავებული სოსანაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ძალადობა განხორციელდა, და მეორე ის, რაც თავად სოსანაშვილმა ადვოკატის საშუალებით გაავრცელა, რომ თითქოსდა, იური ვაზაგაშვილი შესაძლოა, ეჭვიანობის ნიადაგზე მოეკლათ. თუ მასზე რაიმე სახის ზეწოლა განხორციელდა , 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ის დაკავებულია. დღეს გაახსენდათ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა? გამოძიებამ გავრცელებული ორივე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს და იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ფაქტები არ დადასტურდება, ცრუ დასმენის ბრალდებით ამ ინფორმაციის გამავრცელებელ ადამიანს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ადვოკატის განცხადებით, მოხდება სოსანაშვილის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სრულად შესწავლა, რის მიხედვითაც ქალბატონი, რომელიც იური ვაზაგაშვითან კავშირში დაადანაშაულეს, სახელის, პატივისა და რეპუტაცის შელახვის გამო პასუხს სასამართლოთი მოითხოვს.
რაც შეეხება სოსანაშვილის ადვოკატის მოთხოვნას, ჩატარდეს საგამოძიებო ექსპერიმენტი, ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი არ იზიარებს. მისი თქმით, იმ საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც საფრთხეს უქმნის მასში მონაწილე პირებს, დაუშვებელია და კანონმდებლობით ეს არ რეგულირდება.
ადვოკატმა გამოძიების მიმდინარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების პროცესში ბევრი საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, თუმცა ამ დეტალების გასაჯაროება, მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე მიზანშეწონილი არ არის, რადგან ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა, გამოძიების პროცესს ხელი შეუშალოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები