„ხელისუფლება ტერორიზმთან საბრძოლველად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ ამაზე არ ლაპარაკობენ“

ექსპერტის კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძის განცხადებით, ხელისუფლება ტერორიზმთან საბრძოლველად გარკვეულ ზომებს იღებს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო ამას არ ახმაურებს.
როგორც არეშიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ხელისუფლებამ პანკისის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, თუმცა, მისივე განმარტებით, პრობლემები სულ იქნება და ის გაძლიერდება, თუკი საქართველოს, როგორც ქვეყანას თავისი ძლიერი იდეოლოგია არ ექნება.
„ფინანსური ნაკადი, რომელიც პანკისში მიდიოდა, მოსპობილია. ბოლო წლების განმავლობაში ეს ნაკადი ისეთი ინტენსიური არ იყო, როგორც 2000-იანების დასაწყისში, მაგრამ ის მაინც იყო. ბოლო 2 წელია ეს ნაკადი პრაქტიკულად შეწყვეტილია. დაბლოკილია ახლო აღმოსავლეთის სტუმართა პანკისის ხეობაში ჩასვლა. დაბლოკილია ის ქართული და რამდენიმე კერძო პირის ვებგვერდი, რომლებიც მოწოდებებს ახდენდნენ იქაური მაცხოვრებლების მიმართ. რაღაცები კეთდება, თუმცა ამაზე გასაგები მიზეზების გამო არ ლაპარაკობენ. მაგრამ ბევრი რამ არის, რაც არ კეთდება. მაგალითად, ჩვენს სახელმწიფოს, სამწუხაროდ, არ აქვს იდეოლოგია. ჩვენ არ ვიცით, რა ფუნქცია გვაქვს, რა ფუნქცია აქვს ქვეყანას და არ არსებობს შესაბამისი იდეოლოგიური ფონი, ურომლისოდაც სახელმწიფოს ცხოვრება წარმოუდგენელია“,- განაცხადა მამუკა არეშიძემ.
არეშიძის განცხადებით, თუ მთელი რეგიონის მასშტაბით, წასული მეომრების მასობრივი დაბრუნება მოხდება, აქ მათ შესაბამისი იდეოლოგიური ბაზა დახვდებათ და ეს ხიფათის მომტანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები