RMG-ის თანამშრომლები და კაზრეთელები ოპოზიციას მოუწოდებენ, თავი დაანებონ კომპანიას და მათ მუშაობის საშუალება მისცენ

RMG-ის თანამშრომლებმა და კაზრეთელებმა, პარლამენტის მიერ საყდრისთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გააპროტესტეს. ინფორმაციას RMG-ის თანამშრომლების მიერ კაზრეთში გამართული აქციის შესახებ კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, კაზრეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა “ნაციონალურ მოძრაობას” და “თავისუფალ დემოკრატებს” მოუწოდეს, თავი დაანებონ კომპანიას და მათ მუშაობის საშუალება მისცენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანი კომპანიის გაჩერება, ხალხის უმუშევრად დარჩენა და რეგიონში სოციალური ბუნტის გამოწვევაა.
“აქ ვერც ერთი ადამიანი ვერ ჩამოვა, რომ თქვას, კომპანია უნდა გაჩერდესო. რა კომისიაზეა საუბარი? მოვიდნენ და გაგვცენ პასუხი. ჩვენზე უკეთესად არავინ იცის, რა იყო საყდრისი. იყო ერთი ბორცვი, რომელსაც ორი ნაპრალი ჰქონდა. ამ ნაპრალებს ნუ გადააყოლებენ მთელ საქართველოს”, – განაცხადა “RMG ჯგუფის” თანამშრომელმა გია მუშკუდიანმა.
კომპანიის თანამშრომლებისა და კაზრეთელების აქციას ორი არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდა. “საქართველოს ეკოლოგიური ბილიკის ასოციაციის” ხელმძღვანელის ზურაბ მჭედლიძის განცხადებით, “RMG ჯგუფმა” ადგილზე ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა და ის “ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, დაბას თავი დაანებოს.
“გამოჩნდა, რომ საყდრისის კომიტეტის უკან “ნაციონალური მოძრაობა” და “თავისუფალი დემოკრატები” დგანან. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი დაანებონ დაბას და ხალხი ამუშაონ. კომპანიამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ბევრი რამ დაასპონსორა. ჩვენც მოგვცა საშუალება, რომ ეკოლოგიური კუთხით მონიტორინგი გავუწიოთ ადგილზე ვითარებას. არც დარჩა საყდრისი და რაღას იძიებენ?!”, – განაცხადა მჭედლიძემ.
თავის მხრივ კი, “განათლებისა და სოციალური პროექტების” ხელმძღვანელმა ია ხაფთანმა განაცხადა, რომ კომპანიამ კეთილი ნება გამოიჩინა და ორგანიზაციას განათლების, კულტურის და სხვა პროექტების განხორციელებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები