დავით სერგეენკო: “ქამრის შემოჭერით” დაზოგილი თანხები სოფლის ამბულატორიებს მოხმარდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, „ქამრის შემოჭერით“ დაზოგილი თანხები სასწრაფო დახმარებასა და სოფლის ამბულატორიებს მოხმარდება. მინისტრის განცხადებით, დაზოგილმა თანხამ შესაძლოა, 300 000 ლარსაც გადააჭარბოს.

“სოფლის ამბულატორიებთან დაკავშირებით, მოცემულობა გვქონდა ასეთი: 2013 წლის ზაფხულში ჩვენ შევხვდით 60-ივე რაიონის გამგებელს და ვთხოვეთ, რომ თითო რაიონში თითო ყველაზე ცხელი წერტილი მოეცათ, სადაც ყველაზე მეტად უჭირდათ. ამ გზით დავაკომპლექტეთ 60 ამბულატორია. ამას დავუმატეთ პრიორიტეტები. მაშინ პრიორიტეტები იყო კონფლიქტის პირა ადგილები, სადაც დავამატეთ თავიდან 19, საერთო ჯამში კი 22-მდე ავედით. ამ მეთოდოლოგიით გამოგვივიდა 82 ამბულატორია.

ეს იყო პირველი „მაშველი ჩასუნთქვა“, სანამ დავიწყებდით დიდ პროექტს. ახლა დადგა უკვე ახალი ეტაპი, რაც გამოიხატება შემდეგში: ბოლო ერთ წლის განმავლობაში ჩვენ ვთხოვეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მათგან მოგვდის სისტემატიურად ინფორმაცია იმის შესახებ, სად არის მეორე რიგი ცხელი წერტილებისა. ახლა ვაკეთებთ ამის ობიექტურ შეჯამებას, რადგან მოწოდებულ ინფორმაციას სერიოზული ფილტრაცია დასჭირდა. მეორე ტალღა იქნება აღჭურვის პროგრამა, რომელსაც სწორედ დაზოგილი თანხიდან განვახორციელებთ. რასაც მე უყურებ, სადღაც 300 000 ლარის ფარგლებში გამოვა, შეიძლება მეტიც. აი ამას გადავანაწილებთ სოფლის ამბულატორიებზე და რაღაც ნაწილი დარჩება სასწრაფოებისთვის იმ რეგიონებში, სადაც არის სეზონური მერყეობა. მაგალითად, ზაფხულში ზღვისპირა კურორტებზე, ზამთარში მაღალმთიან კურორტებზე. ასე ვთქვათ, მეორე შევსებას გავაკეთებთ აი ამ გზით”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები