„პოზიცია“ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შესაძლო აკრძალვას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების შესაძლო აკრძალვას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს და საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს ადეკვატური პასუხი გასცენ რაულ ხაჯიმბას ინიციატივას.
„პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინიციატივა, ქართველებმა მშობლიური ენის ნაცვლად, აფხაზურ და რუსულ ენებზე მიიღონ განათლება, მოზარდ თაობასა და მათ მშობლებზე განხორციელებული ძალადობაა, რაც უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს შესაბამის კონვენციას იშველიებს და ამბობს, რომ აღნიშნული კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს მოახდინონ მომავალი თაობის განათლების მიღების შეუზღუდავი უზრუნველყოფა, რაც მოიცავს მათთვის სასურველ, განსაკუთრებით კი მშობლიურ ენაზე განათლების მიღების ხელმისაწვდომობას.
გურამ ადამაშვილის თქმით, ხაჯიმბას რეჟიმი, რომელიც რუსეთის წაქეზებით მოქმედებს, ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს საერთაშორისო ოზოლაციის გარღვევას და მხოლოდ რუსეთის, ვენესუელასა და ნიკარაგუას მიერ აღიარებას სჯერდება, რაც მისი ე.წ. საგარეო პოლიტიკის სრული წარუმატებლობის მანიშნებელია. ამ ფონზე კი, აცხადებს გურამ ადამაშვილი, როგორც ჩანს, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი სრულ ძალისხმევას ანტი-ქართული „საშინაო პოლიტიკის“ გატარებას ახმარს და ამჯერად, ეს ქართული ენის აკრძალვაში გამოიხატა.
ადამაშვილს მიაჩნია, რომ თუ ხაჯიმბას აღნიშნულ ინიციატივას შესაბამისი პასუხი არ გაეცა, შესაძლოა, გალში მცხოვრებ ქართველებზე მომავალში ზეწოლის სხვა ფაქტებსაც ჰქონდეს ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები