ანდრო ბარნოვი მოქალაქეებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თავმჯდომარე ანდრო ბარნოვი, გალში ქართული ენის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით, დღეს, დედაენის ბაღში 16:00-ზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მისი განცხადებით, დღეს საზოგადოების უმთავრესი მიზანია, მიაწვდინოს ხმა აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს, რათა მათ იცოდნენ, რომ საზოგადოება არა მათ წინააღმდეგ, არამედ რუსეთის იმპერიის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის.
“დღეს დედაენის ბაღში 16:00-ზე იმართება ძალიან საჭირო და სწორი აქცია. რუსეთისა და აფხაზეთის ფაშისტურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გალში მცხოვრებ ქართველებს ენა წაართვას და საბოლოოდ მოაშოროს ჩვენს ერთიან ეროვნულ ორგანიზმს. არ შეიძლება, ამ პროცესს მშვიდად ვუყუროთ, არ შეიძლება, ჩვენი მხარდაჭერა არ დავანახოთ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ამდენი წელია მედგრად უძლებენ წარმოუდგენლად მძიმე პირობებს. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლება ამ ფაშისტურ ფაქტზე თითქმის არ რეაგირებს. ეს არის ყველაზე საშინელი მესიჯი, რაც ჩვენს თანამემამულეებს შეიძლება გავუგზავნოთ. ეს არის ამ ადამიანების ხელის კვრა, ეს არის ამ ადამიანების გაწირვა და საბოლოო იმედის წართმევა, რომ ვიღაც თუნდაც ფიქრობს მათზე. ამ პირობებში ჩვენი, საზოგადოების ვალია, რომ ვუთხრათ ამ ხალხს: ფაშისტური რუსეთის პარპაში მალე დასრულდება! ამით დასრულდება კრემლის ხელდასხმული მარიონეტების პარპაშიც! აფხაზეთშიც, ცხინვალშიც, არაერთია ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი და სანამ რუსეთი ჯერ კიდევ ბოგინობს, ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მივაწვდინოთ ხმა სოხუმში და ცხინვალში მცხოვრებ ჩვეულებრივ ადამიანებს, ქართველებს, ოსებს თუ აფხაზებს, რომ ჩვენ ვიბრძვით არა მათ წინააღმდეგ, არამედ – რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რომ ჩვენი ერის ბრძოლა არ გაჩერდება და არ ჩერდება მაშინაც კი, როცა ხელისუფლებაში რუსეთის მორჩილი ფულის ტომრები მოდიან. მომავალს განვსაზღვრავთ ჩვენ, საზოგადოება და არა ფულის რამდენიმე ტომარა. ამიტომ, ჩვენო მეგობრებო, ჩვენო თანამემამულენო, ჩვენო დებო და ძმებო, ნუ გაიტეხავთ გულს და ნუ ჩაიქნევთ ხელს ბრძოლაზე. მომავალი ჩვენია!”,-წერს ბარნოვი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები