შსს-ს თანამშრომლებმა უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის აღსაზრდელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების თანამშრომლებმა თბილისის N202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის აღსაზრდელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტისა და ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პირებმა სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი სახელმძღვანელოები, აუდიო წიგნები და სააღდგომო ნობათი – ტკბილეული გადასცეს. მოზარდებმა სტუმრებისთვის საინტერესო და სახალისო ღონისძიება გამართეს, ხოლო დირექტორმა, სკოლის სახელით, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრს ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შესრულებული ნახატი და ხელნაკეთი ნივთები აჩუქა.
თბილისის 202-ე საჯარო სკოლა-პანსიონი საქართველოში არსებული ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეთა სწავლა-აღზრდა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მიმართ მზრუნველობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები