საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო საქართველოს საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. “საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში, 11 და 12 აპრილს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელების დაკეტვის გამო. ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, კერძოდ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის” გადაწყველებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების დაბრკოლება წარმოადგენს არაჰუმანურ ნაბიჯს, რომელიც უხეშად არღვევს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვის დრო. სააღდგომო პერიოდში, 11 და 12 აპრილს, ადგილობრივ მოსახლეობის ექმნება დაბრკოლება ოჯახის წევრებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად. საგულისხმოა, რომ სააღდგომო პერიოდში მოსახლეობის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საკითხი უშედეგოდ იქნა განხილული 25 მარტს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ასეთ ჰუმანიტარულ საკითხზე დაბრკოლებების შემოღების გამო და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები