დავით ნარმანია ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტის სასახლეში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალს დაესწრო.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნარმანიამ შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში მსგავსი მასშტაბური ღონისძიების ჩატარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროპისკენ ყოველდღიურად აქტიურ ნაბიჯებს დგამს.
“ევროპასთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩვენ ვაცხადებთ ევროპასთან ინტეგრაციის მზაობას ყველა სფეროში. ჩვენ წელს რამდენიმე ძალიან სერიოზულ ღონისძიებას ვმასპინძლობთ. როგორც ევროპულ, ისე რეგიონულ შეჯიბრებებს თავისი დატვირთვა აქვს. დღეს აქ მონაწილეობენ ჩვენი ღირსეული სპორტსმენები, რომლებიც წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას და ქალაქს. ამასთან, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა გამოვავლინოთ ჩვენი სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული პატივისცემით მივიღოთ სტუმრები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ და სპორტსმენებს ღირსეული გამარჯვება უსურვა. მერმა სტუმრებს მოუწოდა, დაათვალიერონ თბილისი და გაეცნონ ქართულ ტრადიციებს. ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი 11-დან 18 აპრილის ჩათვლით, მამაკაცთა და ქალთა შორის ტარდება. ტურნირში 36 ქვეყანა, 478 სპორტსმენი და ოფიციალური პირი მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 10 სპორტსმენით წარსდგება (8 მამაკაცი, 2 ქალი). თბილისში ჩამოსულია თითქმის ყველა მონაწილე ქვეყნის ნაკრები და ოფიციალური პირი. საქართველოში იმყოფებიან ტელეკომპანია “ევროსპორტის” წარმომადგენლები, ევროპის ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მდივანი – ჰასან აკუში და სხვა საპატიო სტუმრები. ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს უდიდესი ევროპული ტელეარხი ევროსპორტი, რომელიც მსოფლიოს 54 სხვადასხვა ქვეყანაში მაუწყებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები