სასამართლომ შალვა აბულაძე პატიმრობაში დატოვა

ბრალდებულ შალვა აბულაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლე ბადრი შონიამ პროკურატურის შუამდგომლობა – აღკვეთის ღონისძიების შეფარდების დადასტურება სრულად დააკმაყოფილა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარეც დაეთანხმა.
ადვოკატის თქმით, სურს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრობაში დარჩეს, რადგან თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება. არჩილ ჩუბინიძე იმედოვნებს, რომ საპატიმროში მისი დაცვის ქვეშ მყოფს საფრთხე არ დაემუქრება. ამის შემდეგ კი მოსამართლე ბრალდებულის პოზიციით დაინტერესდა.
“ჩემი მეგობრები, ჩემი 19 წლის ორსული საცოლე აწამეს 3 თვის წინ, ჩემს სასტუმროში ლიმონკები შეყარეს, რესტორანი დამიწვეს, საფრთხე რომ მემუქნება, ეს ხო ყველამ იცის, გაზეთებში დაიწერა, ფაქტები პროკურატურაშია. ვისაც გამარჯობა ვუთხარი, ყველას რაღაც დაუშავეს და ვინმეს სჯერა, რომ თავისუფლების შემთხვევაში საფრთხე არ მემუქრება? ყველამ ყველაფერი იცის. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ” , – განაცხადა შალვა აბულაძემ.
წინასასამართლო სხდომა აბულაძის საქმეზე, რომელშიც ორი პოლიციელის მკვლელობის ეპიზოდია გაერთიანებული, 22 მაისს გაიმართება.
პროკურორ დავით ნეფარიძის განმარტებით, ბრალდებულს ბრალად ედება ორი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა 23 იანვარსა და 4 აპრილს, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები