ხანდაზმულთა პანსიონატში გათბობის სისტემის მონტაჟი იწყება

თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში გათბობის და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი იწყება. სიახლის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პანსიონატის ბენეფიციარებს პირადად აცნობა.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და სააღდგომო საჩუქრები დავით ნარმანიასთან ერთად მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა გელა ჩივიაშვილმა, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელმა ირაკლი ბერეკაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ და „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალურმა მმართველმა გია ბენაშვილმა გადასცეს.
მერიის ინფორმაციით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში ამჟამად 80 ბენეფიციარი ცხოვრობს. პანსიონატს, რომელიც 21 წელია ფუნქციონირებს, არასოდეს ჰქონია ბუნებრივი აირი, გათბობა და ცხელი წყალი. თბილისის მერი დავით ნარმანია მათ გათბობის პრობლემის მოგვარებას გასული წლის დეკემბერში დაპირდა.
„ჩვენ აქტიურად ვეხმარებით პანსიონატის ადმინისტრაციას წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარებაში. რაიონულმა გამგეობამ უკვე მოაწესრიგა ეზოს პერიმეტრი, კომპანია „ყაზტრანსგაზთან“ თანამშრომლობით კი უახლოეს პერიოდში პანსიონატს ცენტრალური გათბობა ექნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სპეციალური მმართველის გია ბენაშვილის თქმით, თბილისის მერიისა და კომპანიის თანამშრომლობით, გათბობისა და ცხელი წყლის სისტემების მონტაჟი აპრილის ბოლოდან დაიწყება და უმოკლეს ვადებში დასრულდება. მისივე თქმით, თბილისის მერიის მომართვის საფუძველზე, კომპანიამ უკვე შეიმუშავა პროექტი.
თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელის ირაკლი ბერეკაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პანსიონატში არსებული პრობლემის შესახებ, ეკოპოლიტიკის სამსახურმა “ენერგოეფექტურობის ცენტრი – საქართველოსთან” ერთად შეიმუშავა პროექტი, რომლის ფარგლებში მოძიებული იქნა დამატებითი დაფინანსების წყაროები, მათ შორის BP-ის და Winrock International Georgia-ს გრანტები. მისივე თქმით, პროექტით გათვალისწინებული ალტერნატიული – მზის ენერგიის გამოყენების შედეგად, ენერგიის მოხმარება შემცირდება და შესაძლებელი გახდება CO2-ის ემისიების შემცირება, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება „მერების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში. როგორც ირაკლი ბერეკაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში პროექტის განსახორციელებლად 203,916.90 ლარი დაიხარჯება. თანხის გარკვეულ ნაწილს თბილისის ბიუჯეტი გაიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები