საქართველოს პრეზიდენტი ვატიკანში ვიზიტს აფასებს

საქართველოს პრეზიდენტმა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან და წმინდა საყდრის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპთან შეხვედრას უმნიშვნელოვანესი და ისტორიული უწოდა.

„დღეს გვქონდა აუდიენცია მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. რომის პაპთან საქართველოს ისტორიული როლის, იმ უნიკალური კულტურისა და განსაკუთრებული მისიის შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებდა რეგიონში. ხაზგასმით ავღნიშნეთ ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. განვიხილეთ ის სირთულეებიც, რაც ქართულ-ევროპულ არჩევანს დღეს თან ახლავს. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს მომავალ როლზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფისათვის, ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარებისათვის“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდართან ვიზიტის დასასრულს, მაკა ჩიჩუასთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად, კულტურული ღონისძიების ფარგლებში წმინდა პეტრეს ტაძარი მოინახულა და ვატიკანის მუზეუმი დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები