ჩეხეთის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში ჩავა, მაგრამ სამხედრო აღლუმს არ დაესწრება
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი 9 მაისს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების ღონისძიებებთან დაკავშირებით ჩავა, მაგრამ სამხედრო აღლუმში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა ირჟი ოვჩაჩეკმა განაცხადა. ამასთან ერთად, პრესმდივნის თქმით, ზემანის ამ გადაწყვეტილებას ბოლო დღეებში მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
მარტის ბოლოს აშშ-ს ელჩმა ჩეხეთში ენდრიუ შაპირომ განაცხადა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის მონაწილეობა გამარჯვების დღის ღონისძიებებში მოსკოვში, უკრაინასთან დაკავშირებით დასავლეთის პოზიციის დისკრედიტაცია იქნება. ამ განცხადებაზე ჩეხეთის პრეზიდენტს ძალზე ხისტი რეაქცია ჰქონდა და მან განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩისთვის „მისი რეზიდენციის კარები დახურულია“.
„არავის მივცემ უფლებას, ჩაერიოს ჩემი ვიზიტების გეგმებში.
წარმოუდგენელია, რომ, მაგალითად, ჩეხეთის ელჩმა ამერიკაში აშშ-ს პრეზიდენტს ურჩიოს, სად და როდის წავიდეს“,- განაცხადა მილოშ ზემანმა.