თბილისის მერია მელიქიშვილის №49-დან გამოსახლებულ დევნილებს ქირით უზრუნველყოფს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მელიქიშვილის №49 ნომრიდან გამოსახლებულ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ალტერნატიული ფართი ამ ეტაპზე არ არსებობს. აღნიშნული განცხადება დავით ნარმანიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი ამ ეტაპაზე ამ ადამიანების ქირით უზრუნველყოფაა.
“ჩვენ თორმეტივე ოჯახს შევთავაზეთ, თუ მათ სხვა შესაძლებლობა არ ექნებათ, ასეთ შემთხვევაში დავაკმაყოფილებთ ბინის ქირით და შესაბამისი რაიონული გამგეობა ამას უზრუნველყოფს. დავალება ჩვენი მხრიდან გამგეობისთვის გაცემულია და სხვა დანარჩენ საკითხებზე სამუშაო წესით ისინი გამგეობასთან ერთად იმუშავებენ და მოაგვარებენ. სხვა შესაძლებლობა ჩვენ, გარდა მათი ქირით გაყვანისა, არა გვაქვს, თუმცა ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, შესაბამისი რაიონული გამგეობა მათ ბინის ქირას გადაუხდის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თბილისის მერს დავით ნარმანიას მელიქიშვილის ქ. №49-ში მდებარე ობიექტიდან გამოსახლებული სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მიმართა და სთხოვა, რომ პირად კონტროლზე აეყვანა ღია ცის ქვეშ დარჩენილი პირების გრძელვადიანი და ღირსეული საცხოვრებლით უმოკლეს ვადებში დაკმაყოფილება.
“უკვე მეთორმეტე დღეა აღნიშნული პირების აბსოლუტური უმრავლესობა შენობის მიმდებარედ, ღია ცის ქვეშ იმყოფება და ქუჩაში ათენებს ღამეს. სამწუხაროდ, ამ დრომდე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ნაკლებად ეფექტურია, რეაგირება კი – დროში გაჭიანურებული, რაც იწვევს უსახლკარო პირთა სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის უფლების დარღვევას. ზემოთ მითითებულ შენობაში ფართები სხვადასხვა დროს 12-მა სოციალურად დაუცველმა და უსახლკარო ოჯახმა თვითნებურად დაიკავა. ისინი შენობაში შეჭრის მიზეზად უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და საცხოვრებელი ფართის უქონლობას ასახელებენ. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ობიექტი კერძო საკუთრებას წარმოადგენს. 2015 წლის 28 მარტს მესაკუთრეების ინიციატივით, შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პირები გამოასახლეს. გამოსახლებულ პირებს შორის არიან ხანდაზმული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არასრულწლოვანი პირები, რომელთა მიმართ სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება. აღნიშნული პირების აბსოლუტური უმრავლესობა ამ დრომდე ქუჩაში რჩება. ქუჩაშია მათი კუთვნილი ავეჯი, შეშის ღუმელი და სხვა მოძრავი ნივთები”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები