შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ საველე მომზადებას გადის

საქართველოს შეიარაღებული ძალების I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეული ერთთვიან საველე მომზადებას გადის. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დანაყოფის საბრძოლო მზადყოფნას და მომზადების დონეს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები შეამოწმებენ. ეს ის დანაყოფია, რომელიც ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში უნდა ჩაერთოს. საველე სწავლებების დროს მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულის 116 სამხედრო მოსამსახურე საერთო საჯარისო ტაქტიკის მიხედვით მოემზადება. წვრთნების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულ სავარჯიშოებს დაეთმობა. ჯარისკაცები ჩხრეკა-კორდონის, პატრულირების, შეტევით და თავდაცვითი ოპერაციებს განახორციელებენ. სამხედრო მოსამსახურეები საშტაბო, საინჟინრო და სამედიცინო მომზადებასაც გაივლიან. საველე სწავლება 1 აპრილს დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. შემდეგ ასეულის პირადი შემადგენლობა ქართულ-ამერიკულ ერთობლივ სწავლებაში „მაღალი დონის პარტნიორობა 2015“ (Noble Partner 2015) მიიღებს მონაწილეობას. ერთთვიანი მომზადების პროგრამა ამ ერთობლივი ქართულ-ამერიკული წვრთნებისთვის მომზადებასაც გულისხმობს. 2013 წლის აგვისტოდან დღემდე, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა სწავლებები როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში გაიარა. გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში ჩატარებული წვრთნები ნატოს ოპერატიული შესაძლებლობის კონცეფციის ფარგლებში მიმდინარეობდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონის შეფასება აშშ-ის “გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრში“ (JMRC) განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები