მანანა კობახიძე საჩხერის პოლიციის უფროსთან ნათესაობას უარყოფს

 საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მანანა კობახიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რეზო კობახიძე, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, საჩხერის რაიონის პოლიციის შენობა დაცხრილა, მისი ბიძაშვილია. კობახიძის განმარტებით, მას არც ბიძა და, შესაბამისად, არც ბიძაშვილები არ ჰყავს. “ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩემამდე მოვიდა და გავიგე ამ ინციდენტის შესახებ, რომელიც საჭიროებს გამოკვლევას. რამდენადაც ვიცი, გენინსპექცია უკვე აწარმოებს მოკვლევას. რა თქმა უნდა, თუ მოხდა დანაშაული, კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული. ვინც არ უნდა იყოს ის, დანაშაულზე უნდა აგოს პასუხი. რაც შეეხება ნათესაობას, გეტყვით, რომ რეზო კობახიძე არავითარი ნათესავი ჩემი არ არის. მე საერთოდ არც ბიძები და არც ბიძაშვილები მყავს. ეს პირველმა რადიომ გაავრცელა, ის არის უბრალოდ მოგვარე. სიმართლე გითხრათ, გავიცანი მას შემდეგ, რაც ის საჩხერის პოლიციის უფროსად დაინიშნა. ეს იყო არჩევნების შემდეგ, ის მოვიდა და გამეცნო, როგორც პოლიციის უფროსი. მხოლოდ მოგვარეები ვართ და არანაირი ნათესაური კავშირი არ არსებობს”,- განცხადა კობახიძემ. არსებული ინფორმაციით, საჩხერეში წუხელ ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციის შენობის მიმართულებით ისროლეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციის შენობას საჩხერის პოლიციის უფროსმა, რეზო კობახიძემ ესროლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები