„წითელკანიანთა ბელადის დახსნა“ – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 16 და 17 აპრილს თეატრში, რეჟისორის და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ბადრი წერედიანის სპექტაკლის „წითელკანიანთა ბელადის დახსნა“ ჩვენება არის დაგეგმილი, რომელიც რეჟისორმა ო.ჰენრის ამავე სახელწოდების ნოველის მიხედვით დადგა.
„ზოგადად, ძალიან მიყვარს ო.ჰენრი და მისი სახასიათო პერსონაჟები. გარდა ამისა, ნებისმიერი დიდი მწერლის შემოქმედებაში აუცილებლად არის მორალი, რომელიც მარადიულ თემებს, მარადიულ ადამიანურ ფასეულობებს უკავშირდება. ამასთან, სპექტაკლის სიუჟეტი სახალისოა და იმედი მაქვს, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება. სპექტაკლის პრემიერა გვინდა, 16 აპრილს გაიმართოს, თუმცა ძალიან მცირე დროით, მსახიობ რეზო ჯოჯუას ავადმყოფობის გამო შეიძლება გადაიდოს“, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სპექტაკლის რეჟისორი ბადრი წერედიანი.
სპექტაკლის რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ბადრი წერედიანია; ტექნიკური რეჟისორი ნონა როგავა; მხატვარი მარიკა კორკელია; ასისტენტი ილია საჯაია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მერაბ კაკალია, რეზო ჯოჯუა, ტატო ჭანტურია, ზემფირა გუნია, ანდრო შამუგია. სპექტაკლის დასაწყისი 19:00 საათი.