თელავში 112-ის SMS და ვიდეოზარის სერვისის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

2015 წლის 6 აპრილს, თელავში, 112-ის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია ჩაატარეს. ყრუ და სმენადაქვეითებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ და მსურველები ადგილზე დარეგისტრირდნენ. 112-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, 30 მარტიდან 8 აპრილის ჩათვლით, საქართველოს ყრუთა კავშირის ხელშეწყობით, 112-ის SMS და ვიდეოზარის სერვისის შესახებ პრეზენტაციები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, გაიმართება. პრეზენტაციები უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკსა და გორში.
საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე დარეგისტრირდნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი სერვისის შესახებ და თავად შეამოწმონ ახალი მომსახურების ეფექტურობა.
შეგახსენებთ, რომ SMS და ვიდეოზარი ხელმისაწვდომია მთელ საქართველოში, 24 საათის განმავლობაში. სერვისი უფასოა და განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის! 112-ის უფასო SMS და ვიდეოზარის სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. სარეგისტრაციო ფორმის შევსება შესაძლებელია 112-ის ვებგვერდზე www.112.ge ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, ექნებათ შესაძლებლობა, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები. 112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი. ხოლო გაეროსა და შვედეთის ელჩებმა მონაწილეობა მიიღეს საინფორმაციო კამპანიაში, რომლის მეშვეობითაც ინფორმაცია ახალი სერვისის შესახებ ვრცელდება სატელევიზიო ეთერსა და სოციალურ მედიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები