პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ კამპანიას “სმარტი” შეუერთდა
პოლიეთილენის პარკებით გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ კამპანიას დღეს სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი” შეუერთდა. აღნიშნული კამპანია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით ტარდება. აღსანიშნავია, რომ „სმარტი” გარდა იმისა, რომ პოლიეთილენის პარკებს ჩაანაცვლებს ბიოდეგრადირებადით, «მწვანე ჩანთების” მრავალჯერადად გამოყენების წახალისების მიზნით, მომხმარებელს ფასდაკლების სპეციალურ აქციას სთავაზობს.
სუპერმარკეტების ქსელს დღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სტუმრობდა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს. პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები სჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას. სამინისიტრო ბიოდეგრადირებადი პარკებისა და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების დანერგვით ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.