ETC – პირველი ქართული როკჯგუფი საერთაშორისო როკფესტივალის GBOB-ის ფინალურ კონკურსზე
პირველად საქართველოს მუსიკალურ ისტორიაში ქართული როკჯგუფი ETC მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი და მასშტაბური როკ ფესტივალის GBOB-ის ფინალურ კონკურსში, ფავორიტი მონაწილის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალში GBOB-ში ყოველწლიურად 60–ზე მეტი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და წლების მანძილზე აღნიშნულ ფესტივალში გამარჯვებით დაიწყო თავისი კარიერა არაერთმა მსოფლიოში ცნობილმა მეგა როკჯგუფებმა.
GBOB – ის საერთაშორისო ფინალი 25-27 აპრილს, ნორვეგიაში ქალაქ ოსლოში, როკფელერის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. ჯგუფი ETC უნიკალური შემთხვევაა GBOB – ის ისტორიაშიც, რადგანაც ასაკით ყველაზე პატარა ჯგუფია. ჯგუფის წევრების საშუალო ასაკი 17-18 წელია. მიუხედავად ამისა, კავკასიის რეგიონში შესარჩევ ტურზე ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად მიანიჭა პირველი ადგილი. GBOB ჟიურიმ ETC-ს ნორვეგიაში ფინალურ ეტაპზე ძალიან დიდი წარმატება უწინასწარმეტყველა. მათივე თქმით, შრომის იმავე ტემპში გაგრძელების შემთხვევაში, ჯგუფი ძალიან დიდ მწვერვალებს დაიპყრობს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველად ხდება კავკასიიდან ჯგუფის ფავორიტის სტატუსით გამგზავრება ფინალურ ეტაპზე. ქართული ჯგუფი სავარაუდოდ ასევე მოხვდება MTV-სა და სხვა ცნობილი მუსიკალური არხების მსოფლიო ჩარტებში. ფესტივალის წარმომადგენლობამ ფინალური კონცერტის აფიშაზე დასაბეჭდად სწორედ ჯგუფი ETC აირჩია, რითიც შეიძლება ითქვას, დაადასტურა ჯგუფის ფავორიტის სტატუსი. აფიშა ორი თვის განმავლობაში მთელს ნორვეგიაში იქნება გამოკრული. მუსიკალური ჯგუფი ETC 2012 წლის დასაწყისში შეიქმნა. მისი თავდაპირველი სახელი იყო Astrals. 2014 წლის სექტემბერში რებრენდინგის შედეგად ETC დაერქვა. ჯგუფ ETC-ს არაერთხელ ჩაუტარებია კონცერტები ცოცხალი შესრულებით თბილისის სხვადასხვა პოპულარულ კლუბში, ლაივებზე თუ ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებზე. 2013 წელს ჯგუფმა ქართულ როკფესტივალზე Plus One 2013 გაიმარჯვა და Plus One Open Air-ზე დაკვრის უფლება მოიპოვა. ფესტივალის გრან–პრის მოგების შემთხვევაში ქართული როკ ჯგუფი მიიღებს GBOB ოქროს ქანდაკებას და 100 000 დოლარს. ასევე კონტრაქტს GBOB RECORDS-თან , რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს სტუდიაში ალბომს ჩაუწერს. დაუქირავებს ცნობილი პროდიუსერს და გადაუღებენ კლიპს, ასევე იზრუნებენ საერაშორისო პრომოუშენზეც.