საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსი ტარდება
15-27 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსი ტარდება. VI კონკურსზე მუსიკოსთა ახალი თაობაა წარმოდგენილი. მონაწილეობის სურვილი 160-მდე კონკურსანტმა გამოთქვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან: თბილისი, ქუთაისი, ტყიბული, თელავი, მუსიკალური სკოლებიდან, სასწავლებლებიდან, თბილისის კონსერვატორიიდან.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ოთხ სპეციალობაში იმართება: საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი და ვოკალი. გარდა ძირითადი კონკურსანტებისა, აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას იღებენ კონკურსგარეშე, 16 წლამდე ასაკის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვები.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი უნიკალურ საშუალებას იძლევა გამოავლინოს ნიჭიერი და საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებლები და ხელი შეუწყოს მათ წინსვლას. ყოველი საკონკურსო წლიდან წლამდე იზრდება საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის პოპულარობა და მისი მნიშვნელობა. წინა კონკურსებში გამარჯვებულთაგან უმრავლესობა გასცდა ეროვნულ მასშტაბებს და დღეს საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატია; მათ შორის არიან: გიორგი გაგნიძე, ანიტა რაჭველიშვილი; აშშ-სა და ევროპაში მოღვაწე მუსიკოსები: ქეთევან ბადრიძე, ვახტანგ ჟორდანია, ნატო წვერელი, ანა გოგავა, დავით ხრიკული, თეიმურაზ ბუხნიკაშვილი, გიორგი გვანცელაძე და სხვები. საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით. კონკურსის დამფუძნებლები არიან ქ. თბილისის მერია და საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომლებიც ტრადიციულად აფინანსებენ აღნიშნულ კონკურსს. კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი“. კონკურსს სხვადასხვა წლებში მხარს უჭერდნენ, აგრეთვე, სხვადასხვა კომპანიები, კერძო პირები, უცხო ქვეყნის საელჩოები საქართველოში. კონკურსის გენერალური სპონსორია „თი-ბი-სი“ ბანკი.