ტრაგედია ბათუმში: ქედის “ბეთლემის” კაპიტანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

საქართველოს პირველი ლიგის გუნდის, ქედის “ბეთლემის” კაპიტანი არჩილ ფარტენაძე 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ მისი გუნდი ბათუმის ყინულის დარბაზში ვარჯიშობდა, რა დროსაც ფეხბურთელმა გულის შეტევა მიიღო.
ქედის “ბეთლემის” ნახევარმცველი წლების განმავლობაში ბათუმის “დინამოსა” (2004-08) და “ადელის” (2011-14) ღირსებას იცავდა. 2009 წელს ფარტენაძე მინსკის “მტზ-რიპოში” ვარჯიშობდა. როგორც გვითხრეს, სამედიცინო შემოწმების შემდეგ პირველად სწორედ ამ ბელორუსულ კლუბში ყოფნისას გააფრთხილეს, რომ მისი გულის მდგომარეობით თამაში არ შეიძლებოდა… მაგრამ ფეხბურთი ისე უყვარდა, ვერ შეელია. შარშან ფარტენაძე ქედის “ბეთლემის” მთვარი მწვრთნელიც იყო. მაგრამ ქედელი კაცია, მშობლიურ გუნდს დახმარება რომ დასჭირდა, ისევ მოედანს დაუბრუნდა…
გთავაზობთ, გუნდის ოფიციალურ განცხადებას: “ძვირფასო გულშემატკივრებო და ფეხბურთის მოყვარულებო… 2015 წლის 4 აპრილს, 17:00 საათზე მოულოდნელად შეჩერდა ჩვენი კაპიტნის, არჩილ ფერტანიძის გულისცემა. კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე დასრულდა ტრაგიკულად. მთელი გუნდი შოკშია და ამ მძიმე დარტყმას ვერც მოიშუშებს ვერასდროს. ჩვენო არჩილ, ჩვენო კაპიტანო, სიკეთესა და პატიოსნების განსახიერება იყავი ყოველთვის. სამაგალითო ადამიანი იყავი და ასე დარჩები ჩვენს გულებში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.
მთელი ჩვენი კოლექტივი და გულშემატკივარი უთანაგრძნობს შენს ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას. შენ მუდამ ჩვენი კაპიტანი იქნები”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ “ბეთლემი” პირველი ლიგის მე-4 პოზიციაზე არის და უმაღლესის საგზურამდე 2 ქულა აშორებს…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები