ლევან იზორია: პოლიციელის უფლებამოსილებების გასაზრდელად, შესაძლოა, კანონპროექტი მომზადდეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განაცხადებით, პოლიციელებისათის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით, შესაძლოა კანონპროქეტი მომზადდეს. ამის შესახებ იზორიამ გადაცემა „იმედის კვირაში“ ისაუბრა.
“მძიმე ფონის საფუძველზე საუბარი იმაზე, რომ არავითარ განსაკუთრებულს ადგილი არა აქვს, საფუძველს მოკლებულია. მე ვადასტურებ, რომ ძალიან მძიმე ფაქტები მოხდა და პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებთ, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად ვებრძოლოთ კრიმინალს, თუმცა ასეთი ტიპის დანაშაულებებისგან, ძალიან პროფესიონალი პოლიციელებიც არ არიან დაზღვეული ძალიან განვითარებულ ქვეყნებშიც”, – აღნიშნა ლევან იზორიამ.
იზორია აცხადებს, რომ პოლიციელებს მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეთ. მინისტრის მოადგილის თქმით, შესაძლოა, კანონში გარკვეული ცვლილებები მომზადდეს.
“ჩვენ უნდა დავხვეწოთ კანონმდებლობა, პოლიციელს უფრო მეტი უფლებამოსილებები უნდა ჰქონდეს და ეს დღევანდელი დისკურსი იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ამ უფლებამოსილებებზე ვიფიქროთ და არა მხოლოდ იმაზე ვიფიქროთ, ხომ არ მოხდება ამ უფლებამოსილებების მინიჭებით გადამეტება, პოლიციელს უნდა ვენდოთ. პოლიციელებისვე დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მასაც უნდა ჰქონდეს რეალური ბერკეტები და მექანიზმები, რომ ეფექტიანად მოახდინოს საფრთხის თავიდან აცილება”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისივე თქმით, კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა და შსს-ს ხელმძღვანელობა მზადაა ეს პასუხისმგებლობა აიღოს. იზორიას განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურია და გაუარესებისკენ არავითარ ტენდენციას ადგილი არ აქვს.
“თუ ეს ტყუილია და სტატისტიკა გაყალბებულია, რაც გამორიცხულია, პირადად მე და ჩვენი ხელმძღვანელობა ამაზე ვიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. სამწუხარო ფაქტები ხდება, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვიქნებით მობილიზებული, რომ დაუნდობლები ვიყოთ ასეთი კრიმინალის მიმართ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები