ილია მეორე: ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს
ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
“ჩვენ უფალს შევთხოვთ, რომ დალოცოს საქართველოს წარსული, დღევანდელი დღე და მომავალი. ჩვენ, მართალია, ცოდვებში ვვარდებით, მაგრამ უფალი ხედავს ქართველი ადამიანის გულს. ქართველი ადამიანი გულით სუფთაა, ამიტომ უფალი შეიწყალებს საქართველოს. გამთლიანდება საქართველო და ჩვენი სახელები ჩაწერილი იქნება “წიგნსა ცხოვრებისასა”, – ბრძანა უწმინდესმა. ამასთან უწმინდესმა აღნიშნა, რომ ხარების დღესასწაულზე ზღვის ნაწარმით ხსნილი იქნება.
მისივე თქმით, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამშაბათს ასევე აღევლინება წირვა-ლოცვა ხარების ტაძარში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე მდებარეობს.
“სამშაბათი არის ხარების დღესასწაული. ხარების ტაძარია აქ და საზეიმო წირვა-ლოცვა იქ შესრულდება. კალენდარში წერია, რომ ხსნილია თევზით, საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილი ქვეყანაა. ასევე ტაძრის დღესასწაულია, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ხიზილალით და ზღვის ნაწარმით გავახსნილოთ. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხიზილალა და ზღვის ნაწარმი. გილოცავთ და ღმერთმა ინებოს, რომ ყოველმა მწუხარე ადამიანმა გაიხაროს, ყოველი ავადმყოფი ადამიანი ძლიერი გახდეს”, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. ქადაგების დასასრულს ილია მეორემ იერუსალიმში მიმავალი ჯგუფი დალოცა, რომელმაც ხელთუქმნელი ცეცხლი საქართველოში უნდა ჩამოიტანოს.