“თითქოს სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კი, უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა. ქადაგებისას ილია მეორემ დღევანდელი დღის მადლზე და ადამიანის ბუნების სისუსტეზე ისაუბრა. “უფალი ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო შესვლა იერუსალიმში და ეს იყო სიკვდილთან შეხვედრა. უფალმა იცოდა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ სიკვდილი ელოდა. ვრწმუნდებით იმაში, რამდენად სუსტია ადამიანი, სიკეთე და ბოროტება რამდენად ახლოსაა ერთმანეთთან და როგორ უჭირს ადამიანს ბოროტების დათმობა და სიკეთის კეთება. თითქოს სიკეთეს უფრო ძნელად ვაკეთებთ, ვიდრე ბოროტებას. ამიტომ შევთხოვ უფალს, რომ მან ძალა და მადლი მოგვცეს”, – ბრძანა პატრიარქმა. ქადაგების შემდეგ უწმინდესმა ბზა აკურთხა.