დიმიტრი ხუნდაძე მედიაში სუიციდის შემთხვევების გაშუქების წინააღმდეგია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის დიმიტრი ხუნდაძის აზრით, მედიაში სუიციდის შემთხვევების გაშუქება უნდა შეიზღუდოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მრჩევლებს შეხვდება. რამდენადაც ცნობილია შეხვედრის მთავარი თემა მედიაში სუიციდის და მკვლელობის ფაქტების გაშუქება იქნება.
“მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: – პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა, დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ, მედია როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.