„ერთი ლამაზი კვირა, რომელიც შეგიძლია საკუთარ შვილს აჩუქო“ – გიორგი ფოფხაძე მასშტაბურ საფეხბურთო პროექტსა და მილანის შემოსვლაზე საქართველოში

8 სექტემბრიდან საქართველოში იწყება მასშტაბური პროექტი, რომლის მიზანიც მოზარდი ფეხბურთელების მილანში  გამგზავრებაა. ხელშეკრულება ორი თვის წინ გაფორმდა. იტალიელი მწვრთნელები თბილისში ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარებენ ვარჯიშებს, შეარჩევენ მოზარდ ფეხბურთელებს მილანისთვის.
ამ თემაზე საუბრობს საფეხბურთო აგენტი და საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი, გიორგი ფოფხაძე.

მზადდება დიდი პროექტი, რომლის მიხედვითაც მოზარდ ფეხბურთელებს მილანში წაიყვანთ. გვიამბეთ დაწვრილებით ამ პროექტზე – როდის დაიწყო და სამომავლოდ რა პერსპექტივებს ისახავს?
– პროექტი ძალიან დიდი და მასშტაბური იქნება. მილანის შემოსვლა საქართველოში უბრალო ამბავი როდია.
ამ პროექტზე დიდი ხანია ვმუშაობთ. მისი განხორციელება რაღაც მიზეზების გამო არ ხდებოდა, მაგრამ მილანთან ხელშეკრულება ორი თვის წინ გავაფორმეთ, ვიწყებთ ძალიან დიდ პროექტს. სექტემბერში მილანის კამპი ჩატარდება, იტალიელი მწვრთნელები ჩამოდიან და ერთ კვირას გვაჩუქებენ – ჩაატარებენ ვარჯიშებს, ასევე დაატრენინგებენ ჩვენს მწვრთნელებს.
პროექტს 8 სექტემბერს ვიწყებთ. 14-მდე ფეხბურთელი შეირჩევა, 6-დან 14-15 წლამდე მოზარდები.
მათ აინტერესებთ, როგორ თამაშობენ  ფეხბურთს მილანში. ამის შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ამ კამპანიაში მონაწილეობა და ესეც უკვე წარმატებაა. ადრე ასეთი პროექტები არ იყო. ეს არ არის რაღაც ტესტ-ვარჯიში, ეს არის ერთი ლამაზი კვირა, რომელიც შეგიძლია საკუთარ შვილს აჩუქო, რათა მოირგოს მილანის მაისური და იტალიელ მწვრთნელებთან ერთად ივარჯიშოს მოედანზე. რაც მგონია, რომ ძალიან კარგია.  ფეხბურთელს ამის შესაძლებლობა ექნება, რომ მიიღოს ამ კამპში მონაწილეობა და ესეც უკვე წარმატებაა.
ამ კამპით ეს პროექტი არ დასრულდება, კონტრაქტში ასეთი რამ არის გაწერილი, რომ მომავალში ვფიქრობთ მილანის აკადემიის შექმნას. ეს პირველი ნაბიჯია და ამ წლის სექტემბერში ჩატარდება. სამომავლოდ ბევრი საინტერესო სიახლე და ბევრი რამ გველოდება წინ.
ბავშვობიდან გიყვარდათ ფეხბურთი. რას გაიხსენებთ საინტერესოს?
– ბავშვობა ის პერიოდი იყო, როცა თამაშობდნენ ეს თაობა – კალაძე, არველაძე, კობიაშვილი, იაშვილი…  ძალიან ძლიერი ნაკრები გვყავდა. ფეხბურთიც მაშინ შემიყვარდა. მამაჩემმა პირველად სტადიონზე რომ წამიყვანა, ის შეგრძნება დღემდე მახსოვს. მერე უკვე დავიწყე ფეხბურთის ყურება, მთელი ბავშვობა ვუყურებდი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. იმ გამორჩეულმა ფეხბურთელებმა ალბათ ყველამ ქუჩაში ისწავლა ფეხბურთის თამაში. ჩემი ბავშვობის ნახევარი პერიოდი სტადიონზე ფეხბურთის თამაშს უკავშირდება.
დავიწყე არა მხოლოდ ნაკრების სხვა ვარსკვლავების ყურება, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს სრონალდომ და რივალდომ. ოთახში პლაკატებიც კი გავაკარი. ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა, მოგვიანებით „ოლიმპიაკოსში“ მომიწია რივალდოსთან ერთად თამაში.
– როგორ დაიწყეთ პროფესიული კარიერა „თბილისის“ დუბლშემადგენლობაში? რა განცდით მიდიოდით დიდ ფეხბურთში?
– კარიერა სპორტსკოლა „ნორჩ დინამოში“ ნოდარ ხიზანიშვილთან დავიწყე, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა, რომ გუნდის ლიდერად ჩამოვყალიბებულიყავი. იგი ძალიან გვეხმარებოდა. ვფიქრობ, იმ პერიოდში ფეხბურთისადმი სწორი მიდგომა ნოდარ ხიზანიშვილს ჰქონდა. სამწუხაროდ, „ნორჩი დინამო“ დღეს აღარ არსებობს.
ბავშვობიდან ყველაზე კარგად „ნორჩი დინამო“ მახსენდება. შემდეგ თემურ უგულავამ „თბილისის“ დიდი პროექტი გააკეთა, ჯიქიაზე მდებარეობდა. 85-იანების ნაკრები იყო, რომელიც ევროპის ნახევარფინალში გავიდა. შეიკრიბა ეს გუნდი და მეც ასე დამიტოვეს. ასე აღმოვჩნდი თბილისის „თბილისში“. ცაკარიასი იყო მწვრთნელი, რომელმაც პირველად მომცა შანსი უმაღლეს ლიგაში. 1 წელი თუ წელიწად-ნახევარი მომიწია უმაღლეს ლიგაში თამაში.
– თქვენით მალე უცხოური გუნდები დაინტერესდნენ, „ოლიმპიაკოსიდან“ დაწყებული…  2008 წელს დანიური „ვიბორგის“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. თავის დროზე ავსტრიული შტურმის, პოლონური იაგელონიასა და სხვა არაერთი კლუბის წამყვანი ფეხბურთელი იყავით
– თბილისის „თბილისიდან“ „ოლიმპიაკოსში“ გადავედი. მამუკა კვარაცხელია დამეხმარა. მაშინ „ოლიმპიაკოსში“ ანდრეას ნინიადისი  სპორტულ დირექტორად მუშაობდა. შესთავაზა ჩემი თავი, ანდრეასიც დათანხმდა. ერთი კვირით სინჯებზე ჩავედი. ერთკვირიანი სინჯის შემდეგ ამიხდა ოცნება.  შევხვდი იმას, ვინც ძალიან მომწონდა – რივალდო. ჩავედი ერთი კვირით, მომიწონეს და დამიტოვეს.
ერთი წელი ვიყავი „ოლიმპიაკოსში“. 18 წლის ვიყავი. ერთ წელიწადში დანიის „ვიბორგში“ დავიწყე თამაში და ეს  იყო საფეხბურთო კარიერაშიც  ფეხის ადგმა. პირველი 6 თვე ფიზიკურად ძალიან გამიჭირდა. ძლიერი ჩემპიონატი იყო. 5 წელი ვიყავი „ვიბორგში“. გულშემატკივრებს თავი შევაყვარე. ორჯერ თუ სამჯერ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი. ძალიან კარგი წელი იყო, მაგრამ ბოლოს გუნდის წარუმატებლობის გამო მომიწია წამოსვლა.
2011 წელს წამოვედი „ზესტაფონში“. აქ 6-თვიანი ჩემპიონები გავხდით, მაგრამ ეს 6 თვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გია გეგუჩაძე იყო მწვრთნელი და, ვფიქრობ, რომ „ზესტაფონი“ მაშინ ყველაზე ძლიერ გუნდად მიიჩნეოდა. საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა საკუთარი ფეხბურთის სტილით, ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით. სამწუხაროდ, არ გაუმართლათ.
შემდეგ იყო „შტურმი“… ჩემით „შტურმი“ „ზესტაფონის“ ჩემპიონობამდეც დაინტერესდა. და მერე უკვე გადავედი ავსტრიაში, „შტურმში“. ავსტრიის ჩემპიონები გავხდით,  ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონთა ლიგაში, ბოლოს „ბატესთან“ არ გაგვიმართლა. შეგვეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში შევსულიყავით, მაგრამ ვერ გავედით. გადავედით უეფას ჯგუფში. ვითამაშე ერთი წელი, წელიწად-ნახევარი. ჩემთვის მაშინ „შტურმი“ ძალიან დიდი გუნდი იყო.
მერე უკვე  ორი წელი პოლონეთში დავყავი. ასევე კარგი ჩემპიონატი იყო. მე და ნიკა ძალამიძე ერთად ვიყავით,  მარცხნივ ის იდგა, დაცვაში მე ვიდექი. ამ პერიოდსაც კარგად ვიხსენებ. ბოლო ტურით ადრე ჩემპიონობა შეგვეძლო, „ლეგიასთან“ წაგვაგებინეს თამაში და მესამე ადგილზე გავედით. მერე ტრავმა მივიღე. გაჩერებული ვიყავი. მერე ყაზახეთში წავედი და ყაზახეთში უკვე ჩემი კარიერა სრულდება.– და სპორტული კარიერა 32 წლის ასაკში დაასრულეთ?
– ბოლოს ყაზახეთში ვიყავი. სამწუხაროდ, არაპროფესიონალური სიტუაცია იყო და გული აღარ მიმიწევდა.
საქართველოდან კი არ მქონია შემოთავაზება, ანუ ისეთი გუნდიდან, სადაც შეიძლებოდა წავსულიყავი და კარიერა გამეგრძელებინა. რატომ დავანებე ფეხბურთს ადრე თავი? 32 წლის ასაკში ვერ ვნახე ასეთი გუნდი,
ამ დროს გუგა კაჭახიძისგან და მალხაზ მუსერიძისგან მომივიდა შემოთავაზება  (ჩემი აგენტები იყვნენ), რომ მე მათ გუნდს საფეხბურთო სააგენტოს შევერთებულიყავი.
იმ მომენტისთვის ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. რაც შეიძლებოდა მიმეღო. ნამდვილად ცოტა ადრე დავამთავრე კარიერა, მაგრამ ფეხბურთიდან არ გამოვსულვარ, ფეხბურთში დავრჩი,
– ყოფილი ფეხბურთელი და საფეხბურთო აგენტი ამჟამად ქართველ ფეხბურთელებთან თანამშრომლობთ. არაერთი ტრანსფერი განხორციელდა. ეს ალბათ იოლი არ არის. ფეხბურთელებთან, კლუბის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელთან, მშობლებთან და კიდევ ბევრ ვინმესთან გიწევთ ურთიერთობა.  ამ პროცესში ბუნებრივია, გულისტკენაც არ არის გამორიცხული…  სირთულეებიდან რაზე გაამხვილებიდთ ყურადღებას?
– კი. რაც შეეხება ჩემს აგენტობას, ალბათ ჩემთვის უფრო მარტივი იყო, ამ გადაწყვეტილების მიღება. ახლა რომ ვუფიქრდები, რომ არ მყოლოდა ეს გუნდი, რომელთანაც ვმუშაობ, ალბათ აგენტობას არ დავიწყდები. ძალიან რთულია ფეხბურთელობიდან ეგრევე აგენტი გახდე. ჩემს მეგობრებს უკვე ჰქონდათ 12-წლიანი სტაჟი, რამაც გამიმარტივა მუშაობა. შევუერთდი მათ გუნდს და ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.
ბევრი სირთულე ნამდვილად არის. როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, ყოველთვის მეგონა, რომ აგენტობა ძალიან მარტივი იყო. ალბათ ყველა ფეხბურთელი ასე ფიქრობს, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ხვდებიან, რომ რთული საქმეა.
კი, ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. არის ბევრი იმედგაცრუებაც,   ბევრი ისეთი რაღაც, რასაც ვაკეთებთ და რომელიც არ ჩანს. ბევრიც ვერ ხედავს… მაგრამ უფრო ნაკლებად ხდება ასეთი რამეები, რადგან გვყავს ისეთი გუნდი, ფეხბურთელები, თითქოს რაღაც ერთ ოჯახად ვართ შეკრული, ვმუშაობთ ძალიან ღიად. მშობლებზე აღარ გავაგრძელებ. არ ვგულისხმობ მარტო ჩვენი ფეხბურთელების მშობლებს.  მაგ მხრივ ყველაფერი იდეალურად გვაქვს აწყობილი.
დღესდღეობით საქართველოში თუ ბავშვებს რაღაც პრობლემა აქვთ, რაღაც ხელი ეშლებათ რაღაც მიზეზების გამო, მგონია, რომ ერთ-ერთი დიდი პრობლემა მშობლები არიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ რაღაც როლს ასრულებენ, რომ ყველაზე კარგად იციან ფეხბურთი, ჩვენზე კარგად იციან და მერე იღებენ ისეთ რაღაცას, აშკარად ხელს უშლიან საკუთარ შვილს.
ჩვენს გუნდში ყველა ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგთან  ვმეგობრობთ კიდეც. მაგ მხრივ ყველაფერი იდეალურადაა.
რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით ბოლო წლებიდან? როგორი ავტორიტეტით სარგებლობენ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები უცხოეთის გუნდებში?
– ფეხბურთელებს ასე ვერ გამოყოფ. ბოლო პერიოდში კვარამ სასწაული მოახდინა. კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთი დააბრუნა ძალიან მაღალ პოზიციებში. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ვერ ვიტყვი, რომ დღეს ვინც ნაკრებში თამაშობს, ეს ბიჭები ყველა  გამორჩეულია,  გმირია, რომლებმაც შექმნეს იდეალური გუნდი.  რა თქმა უნდა, ვთქვათ მწვრთნელზე, ფედერაციაზე, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და, ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, დღეს აისახა ამ წარმატებასთან, რასაც ჩვენმა ბიჭებმა მიაღწიეს.
ეს ბიჭები არიან ძალიან მშრომელი, მაგარი ბიჭები, და მათ ძალიან დიდი რამ შექმნეს, ის, რასაც ამდენი ხანია მთელი ქვეყანა ელოდებოდა და დარწმუნებული ვარ, ამ შედეგს, რასაც დღეს ბიჭები აკეთებენ, მომავალში კიდევ უფრო მაგრად დავინახავთ. მათ დააბრუნეს ბავშვები სტადიონზე, ხალხი სტადიონზე, ადრე მე რომ გავდიოდი, ფეხბურთს არავინ თამაშობდა, დღეს უკვე სხვა მოცემულობაა. და ეს ყველა იმ ქართველი ბიჭის დამსახურებაა,ვინც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურს ატარებს.
–  ბოლო დროს ეროვნული ნაკრების მარცხის შემთხვევებში ხშირად ვისმენთ ხოლმე მწვრთნელის კრიტიკას. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ფეხბურთის გუნდის წარმატება?
– ვფიქრობ, ის, რომ რაღაც თამაშები ვერ ვითამაშეთ, აბსურდია, ვილაპარაკოთ მწვრთნელზე, რომელმაც ამხელა რაღაც შექმნა? როგორ შეიძლება, ვილი სანიოლი გააკრიტიკო? ესეც იმის გამოა, იმდენად შევაჩვიეთ ხალხი გამარჯვებას და წარმატებას, რომ უკვე ესპანეთთანაც მოგებას გვთხოვენ. ეს კარგია და ალბათ ეს კრიტიკა მოდის ისეთი ხალხისაგან, ვინც ისე კარგად ვერ ერკვევა ფეხბურთში. სამწუხაროა თუ საბედნიერო, ეს ფეხბურთის მდევარი რამეა. არ არსებობს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს. კრიტიკას უნდა გამარჯვებით ვუპასუხოთ.

ოჯახი

–  ჰობი…
–  ჰობი ალბათ ისევ ფეხბურთია. პირველივე დღიდან, როცა შევედი ფეხბურთზე – დღემდე.  ჰობად მაქვს, რასაც მე ვაკეთებ და ვცდილობ გავაკეთო ჩემი ფეხბურთელებისადმი. ალბათ ეს არის დიდი სიყვარული ფეხბურთისადმი. სხვანაირად არც წარმომიდგენია და ჩემი გუნდიც ამ ჩარჩოში ვართ მოქცეული –  გვიყვარს ეს სპორტი და ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვცდილობთ, რომ  ქართული ფეხბურთისთვის ჩვენი დიდი როლი შევასრულოთ.
–   ოჯახში თუ აინტერესებთ ფეხბურთი?
–  21 წლის ვიყავი, როცა დავოჯახდი. 17 წელია მე და ჩემი მეუღლე ერთად ვართ. ერთად გავიარეთ  გრძელი გზა, რომელიც  რთული გზა აღმოჩნდა ჩემი მეუღლისთვის, რადგან ის ჩემზე იყო მომაგრებული და იყო ადამიანი, რომელიც ამ გრძელი გზის და რთული პერიოდის განმავლობაში ყოველთვის გვერდზე მედგა, ჩემთან ერთად იყო…   ის რომ არა, ალბათ ჩემი კარიერა სხვანაირად წარიმართებოდა.  მიხარია, რომ ასეთი გვერდში მდგომი ადამიანი აღმოჩნდა იგი.   მყავს  სამი შვილი – ორი გოგო და ბიჭი., გოგოები მოესწრნენ ჩემს თამაშს, ბიჭი ჯერ 6 წლისაა. სამწუხაროდ, ჯერ ვერ მოესწრო და უწევს ხოლმე „იუთუბიში“ ნახულობს თამაშებს, მაგრამ ფეხბურთი ძალიან უყვარს. უკვე დაიწყო ფეხბურთზე სიარული.  იმედია, რომ გაიზრდება, არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, იყოს კარგი ქართველი ვაჟკაცი.

                                                                                                                   თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები