ეროვნული გალერეა საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ზურაბ ფორჩხიძის, საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს
20 ივნისს, 18:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში საქართველოს დამსახურებული მხატვრის, ზურაბ ფორჩხიძის, საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.
ზურაბ ფორჩხიძე დაიბადა ქუთაისში. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე გრაფიკის სპეციალობით. 1970 წელს დაამთავრა დაზგური გრაფიკის კათედრის ასპირანტურა.
საქართველოს დამსახურებული მხატვარი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, გამოყენებითი გრაფიკის კათედრის გამგე ზურაბ ფორჩხიძე 60-იანი წლებიდან სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა, როგორც მხატვარ-ილუსტრატორი. მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართული წიგნის მხატვრულ გაფორმებაში. ზურაბ ფორჩხიძე თანამშრომლობდა თავისი დროის პოპულარულ ჟურნალებთან – „დილასთან“, „პიონერთან“, „ნიანგთან“. იყო გამომცემლობა „ლიტერატურა და ხელოვნების“ მხატვრული რედაქტორი. გააფორმა ასზე მეტი მხატვრულ-ლიტერატურული თუ სამეცნიერო-პოპულარული გამოცემა.
მეტად ფართო იყო მხატვრის შემოქმედებითი დიაპაზონი. ის მაღალმხატვრული გამომსახველობით ამკობდა კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და მსოფლიო, დასავლურ და აღმოსავლურ ლიტერატურას. მის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საბავშვო ლიტერატურას. თაობებისთვის ძვირფასია ეს წიგნები: სიმონ გუგუნავას „თამარიანი“, ლადო ასათიანის „ბასიანის ბრძოლა“, არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ და „ჯადოსნური კაბა“, რიუნოსკე აკუტაგავასა და იასუნარი კავაბატას ნაწარმოებები და მრავალი სხვა. ზურაბ ფორჩხიძემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ამ ლიტერატურას ნაზიარები უამრავი ადამიანის სულიერ სამყაროში.
გამოფენის გახსნასთან ერთად გაიმართება მხატვრის საიუბილეო წიგნ-ალბომის პრეზენტაცია.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი №11.