მარინა ივანიშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

20 ივნისს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა – CORPUS MARINA – სხეული, ჯვარცმა, მსხვერპლშეწირვა“. ეროვნული გალერეის ინფორმაციით, ეს არის მარინა ივანიშვილის შემოქმედების კონცეპტუალურად აგებული პანორამა. ხელოვანის ქანდაკებები და ნახატები სამი თემის – სხეულის, ჯვარცმისა და მსხვერპლშეწირვის პრიზმაში იქნება წარმოდგენილი.
სიტყვა COPRUS ლათინურად „სხეულსაც“ ნიშნავს და ნამუშევართა კრებულსაც. ტორსი, როგორც სხეულის ნაწილი, მარინა ივანიშვილის შემოქმედების მთავარი მოტივია. მისი სოლო გამოფენა, შესაბამისად, შიშველი სხეულების ექსპოზიციაა და შემოქმედის ნამუშევართა „კრებულიც“.
ექსპოზიციის სტრუქტურა: სხეული – მარინა ივანიშვილის ტორსები; ჯვარცმა – ქრისტეს ტორსი და შიშველი ფიგურები; მსხვერპლშეწირვა – ბესტიარიუმი და მითოლოგიური არსებები რიტუალურ წრეში.
გამოფენა 3 აგვისტომდე გასტანს.

მხატვრის შესახებ:

მარინე ივანიშვილი (1952-2025) – მოქანდაკე, გრაფიკოსი, ფერმწერი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1983). 1976 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი.
შემოქმედებითი მოღვაწეობის აქტიურ წლებში, ძირითადად, მუშაობდა მცირე პლასტიკის ჟანრსა და გრაფიკაში, ქმნიდა მოდერნისტულ ფორმებს. მისი შემოქმედების მთავარი მოტივებია ტორსი და ცხოველთა გამოსახულებები.
მარინე ივანიშვილი იყო მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მხატვარი; საქართველოს მხატვართა კავშირის ქანდაკების სექციის მდივანი; 1986-89 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვრის სახლთან არსებულ ბავშვთა ქანდაკების სტუდიას; იყო ონლაინსტუდიო ელექტრონულ კატალოგ ART.ge-ს კონსულტანტი ხელოვნების სფეროში.
მარინე ივანიშვილი მონაწილეობდა საქართველოში და საზღვარგარეთ გამართულ უამრავ გამოფენაში.
პერსონალური გამოფენები გამართა ჰამბურგის ქალთა კულტურის ცენტრში (1991), ეროვნულ საჯარო ბიბლიოთეკასა (1997) და პარიზში (2021). მისი ნამუშევრები დაცულია შალვა ამირანაშვილის სახელობის
ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმსა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში, ასევე კერძო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები