ჯგუფი The Quintessence ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს გახსნის

30 აპრილს, რუსთაველის თეატრში ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონცერტს ჯგუფი The Quintessence გახსნის, რომელშიც ლეგენდარული ჯაზ-შემსრულებელი, კონტრაბასისტი რონ კარტერი და მისი ტრიო მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ, ჯგუფის წევრებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან შეხვედრისას შეიტყვეს. შეხვედრის დროს საუბარი შეეხო როგორც ჯგუფის სამომავლო გეგმებს, ასევე The Quintessence წარმატებულ გამოსვლას მსოფლიოში უდიდეს პოლიფონიური მუსიკის ფესტივალზე Harmony Sweepstakes A Cappella Festival. ჯგუფი აღნიშნული კონკურს-ფესტივალის გასული წლის გამარჯვებულია, რის გამოც წელს ის Harmony Sweepstakes A Cappella Festival-ის რიგით 31-ე კონკურსზე, როგორც მასპინძელი ჯგუფი წარდგა. ჯგუფის ხელმეორედ გამოჩენამ ნიუ იორკის სცენაზე, მაყურებლის ხანგრძლივი ოვაციები დაიმსახურა და ფესტივალის ორგანიზატორების დაინტერესება გამოიწვია. ფესტივალზე ჯგუფი The Quintessence საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 2015 წლის 18 მარტს გაემგზავრა. კონკურსი მანჰეტენის გულში, ბროდვეიზე, მილერის თეატრში ჩატარდა, სადაც ჯგუფმა მსმენელს 30-წუთიანი მუსიკალური პროგრამა შესთავაზა. ჯგუფმა The Quintessence ქართული რეპერტუარი შეასრულა. მილერის თეატრის სცენაზე აჟღერდა რევაზ ლაღიძის, ჯანსუღ კახიძისა და ზაქარია ფალიაშვილის ცნობილი თემები, ასევე, ქართულ ფოლკლორზე დაფუძნებული კომპოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები