ვაშინგტონში, საფრანგეთის საელჩოში ფილმ „ნატვრის ხის“ ჩვენება გაიმართა
აშშ-ში საქართველოს საელჩოს, საფრანგეთის საელჩოსა და ხელოვნების ეროვნული გალერიის ერთობლივი ძალისხმევით, ვაშინგტონში, საფრანგეთის საელჩოში ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის ფილმის „ნატვრის ხის“ ჩვენება გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება ქართული ფილმების რეტროსპექტივის ფარგლებში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საფრანგეთის საელჩოს კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა, ფლორანს რავაიმ, საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა პაატა მაჭავარიანმა და ხელოვნების ეროვნული გალერეის ფილმების დეპარტამენტის უფროსმა, მარგარეტ პარსონსმა. ფილმი მეისონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯული კრისტენსენმა წარადგინა. ჩვენებას ვაშინგტონში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურის სფეროში მოღვაწე პირები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.