ვიქტორ დოლიძე მინდია ჯანელიძეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს
ვიქტორ დოლიძე თავდაცვის მინისტრს მინდია ჯანელიძეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტატმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ჯანელიძე ჯერ საფრანგეთში ალასანიასთან დარეკვის ფაქტს უარყოფდა, მოგვიანებით კი დარეკვის ფაქტი დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ საუბრისას ალასანიას ხელმოწერის არა გაუქმებას, არამედ გადადებას სთხოვს.
„საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულება მთავრობის სხდომაზე იყო განხილული. საქმის კურსში იყო პრემიერიც. არა მხოლოდ, ზოგადად, თავდაცვის უნარიანობის და სისტემების განახლება – გაძლიერებაზე, არამედ ყველა ფინანსურ დეტალზეც კი. ასევე საქმის კურსში იყვნენ ის მინისტრები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ესწრებოდა როგორც საერთაშორისო ფორმატში გამართულ, ისე ქვეყნის შიგნით გამართულ შეხვედრებს და უმაღლეს გადაწყვეტილებებს. ირაკლი ალასანიამ ხელმოწერა არ გააუქმა, არ გადადო და სწორედ ამას მოჰყა ის, რაც მთელმა საქართველომ ნახა“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.