დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზი ლურჯად განათდება

აუტიზმის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველოც უერთდება. სწორედ, ამ დღესთან დაკავშირებით აუტისტი მოზარდების მხარდასაჭერად ქართველი საოპერო და ესტრადის ვარსკვლავები გაერთიანდნენ. ნატალია ქუთათელაძე, ნანი ბრეგვაძე, ლიზა ბაგრატიონი და ცნობილი მომღერლები საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეები არიან.

“სანქტუსის” და “ტედეუმის” გარდა, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ცნობილი კლასიკური და საესტრადო ნაწარმოებები შესრულდება. ბეთჰოვენის კონცერტის შესასრულებლად ქართველი პიანისტი დათუნა ალადაშვილი საქართველოში სპეციალურად ჩამოფრინდა. 2014 წელს ჩატარებული სინფორმაციო აქციის და საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთი იდეის ავტორი ამჯერად ბევრად უფრო მასშტაბური კონცერტის თანაავტორია. ლურჯი განათებით საქართველო იმ ქვეყნების რიგებში ჩადგება, რომლებიც 2 აპრილს ყოველწლიურად ანალოგიურად აღნიშნავენ. კონცერტიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება აუტიზმის ცენტრის განვითარებას.

აუტიზმის ცენტრში ამ დროისთვის 50-მდე ბავშვი სარეაბილიტაციო კურსს გადის. თუმცა, არასრული სტატისტიკის მიხედვით, მსგავსი დიაგნოზით ქვეყანაში 7000-მდე მოზარდი ცხოვრობს. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში აუტიზმთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ქველმოქმედების შანსი ნებისმიერ მსურველს ეძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები