მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ნემცოვის მკვლელობაში სამი ბრალდებული პირის დაკავება უკანონოდ ცნო
მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ოთხშაბათს ცნობილი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებული სამი პირის – ბახაევის, ესკერხანოვის და გუბაშევის პატიმრობა უკანონოდ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ 8 მარტს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ სხდომა პროცესუალური ნორმების დარღვევით ჩაატარა. ამიტომ ეს დადგენილება გაუქმებულია და ხელახალი განხილვისთვის არის გადაგზავნილი.
ბახაევის, ესკერხანოვის და გუბაშევის აღკვეთის ღონისძიების ხელახალი განხილვა 8 აპრილამდე მოხდება. მანამდე კი სამივე პატიმრობაში დარჩება.
შეგახსენებთ, რომ ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი რუსეთის სამართალდამცველებმა 7 მარტს დააკავეს. დადაევს ბრალად ნემცოვის მკვლელობის უშუალო შესრულება ედება.