გერმანიის ხელნაკეთი თოჯინების  საერთაშორისო  გამოფენაზე  საქართველოდან   ნანა ყაულაშვილი წარდგება

25 -26 აპრილს გერმანიის ქალაქ მიუნსტერში  ხელნაკეთი თოჯინების გამოფენა გაიმართება.  საერთაშორისო გამოფენაში,  სახელწოდებით PUPPENFRÜHLING-ი,  ოცდახუთი ქვეყნის მეთოჯინეებთან ერთად,   ქართველი მეთოჯინე  ნანა ყაულაშვილი მიიღებს მონაწილეობას.   „კვირა“ ქალბატონ ნანას ესაუბრა.

– როგორ შეიტყეთ გამოფენის შესახებ?
– ჩემი შვილი, გერმანიაში ვაიმარის უნივერსიტეტის არქიტექტურის მაგისტრანტია. გამოფენის შესახებ ინფორმაცია მან გამომიგზავნა. დავათვალიერე პირობები, შევავსე CV და გავაგზავნე რამოდენიმე ნამუშევრის ფოტო, თუმცა იქ ისეთი მეთოჯინეების გვარები წავიკითხე, მოწვევის იმედი არ მქონდა. ჩემდა გასაკვირად, რამდენიმე დღეში მივიღე ონლაინმოწვევა  ჩემთვის და მეუღლისათვის. ამასთან ერთად, გააგზავნეს მოთხოვნა გერმანიის საელჩოში თბილისში, რომ ჩვენთვის ვიზებზე შეფერხება არ ყოფილიყო. გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, ხელნაკეთი თოჯინების   საერთაშორისო გამოფენა  PUPPENFRÜHLING-ი  ყოველწლიურად ტარდება. ეს არის მსოფლიოში  ამ ტიპის ერთ–ერთი ყველაზე დიდი  გამოფენა. მასში მონაწილეობს  300- მდე მეთოჯინე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. გამოფენას  ყოველწლიურად 5000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს.  მემაყება, რომ წელს საქართველოსაც ეყოლება თავის წარმომადგენელი და ეს მე ვიქნები ჩემი თოჯინებით.
– რა ტიპის თოჯინების გამოფენას აპირებთ?10999317_949708665063314_7077839935380303864_n
– ამჟამად ბოლომდე გადაწყვეტილი არ მაქვს, თუ რომელი თოჯინები მიიღებენ მონაწილეობას. ალბათ უპირატესობას დიდი ზომის თოჯინებს მივანიჭებ და ვეცდებით, მაქსიმალურად კომპაქტურად მოვათავსოთ ისინი ხელბარგში. ვაპირებ წავიღო ნაციონალური თოჯინაც. ახლა ძალიან ინტენსიურად ვმუშაობ ბოლო ნამუშევარზე. ვცდილობ მოვასწრო გამოფენისათვის.
– ვინ აფინანსებს თქვენს გამგზავრებას?
– ამ მოწვევას ძალიან სწრაფად გამოეხმაურა კულტურის სამინისტრო, რომელმაც თითქმის სრულად დაგვაფინანსა, რის გამოც განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ  სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, ვის ხელშიც გაიარა ამ აპლიკაციამ. ესენია: მაკა კასრაძე, ბაკურ დავითაია, ნანა ჩუბინიძე, ხათუნა (სამწუხაროდ, გვარი არ ვიცი) და არაერთი გულისხმიერი და საქმიანი ადამიანი, რომელთა სახელები არც კი ვიცი, და რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა კულტურის მინისტრს, რომლის გადაწყვეტილებამაც გახადა შესაძლებელი ჩემი ამ გამოფენაში მონაწილეობა.
– რით არის მნიშვნელოვანი ეს გამოფენა თქვენთვის?
– გამოფენის ფარგლებში ჩატარდება  ასევე „ ერთი ნამუშევრის კონკურსი“- ყველა მონაწილის ერთ ნამუშევარს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური და გამოავლენს გამარჯვებულს. ასევე გაიმართება სემინარი და მასტერკლასი.
ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვანი იქნება ქართული მეთოჯინეობის პოპულარიზაციისათვის.  გარდა ამისა, ეს გამოფენა პირადად ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან საშუალება მომეცემა, პირადად გავიცნო ამ სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები და ვიხილო მათი ნამუშევრები, დავესწრო მასტერკლასს, ასევე შევიძინო ის საჭირო მასალები, რომელთა შეძენაც საქართველოში შეუძლებელია.
– ახლა რა  მასალას იყენებთ?11083888_949708628396651_8522260936583793755_n
–  ჩემი თოჯინები თავიდან ქსოვილის იყვნენ. ბოლო 2 წელია, რაც პოლიმერული თიხით და პაპიემაშეთი ვმუშაობ: ვძერწავ, ვუკეთებ მეტალის კარკასს, შემდეგი ეტაპებია,- მოხატვა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკერვა. სკამსაც მე ვუკეთებ. სულ რამდენი თოჯინა შევქმენი, არ დამითვლია. ამჟამად სახლში 15 თოჯინა მყავს. პროტოტიპი ჩემს თოჯინებს არასოდეს ჰყავს, არც შეკვეთით მიყვარს თოჯინის კეთება, რადგან სხვისი აზრი ფანტაზიას მიზღუდავს. წინასწარ ესკიზსაც არ ვაკეთებ. ამბობენ, რომ ჩემი თოჯინები ცოტათი მოწყენილები არიან. მე კი ვთვლი, რომ ისინი მეოცნებენი არიან, ისეთივენი, როგორიც მე ვარ…
– როგორ აპირებთ მათ ტრანსპორტირებას?
– ჩემი თოჯინები საკმაოდ რთულად ტრანსპორტირებადია, რადგან მხოლოდ ხელბარგით შეიძლება მათი გადატანა. ამის გამო მესაჭიროებოდა თანმხლები პირი, ვინც დამეხმარებოდა თოჯინების  უსაფრთხოდ  ტრანსპორტირებაში. ეს ფუნქცია იტვირთა ჩემმა მეუღლემ – დავით ჯვარშეიშვილმა. თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, იგი შეიძლება ჩაითვალოს ამ თოჯინების ერთ – ერთ თანაავტორადაც, რადგან ყველა მასალა, რომელიც ამ საქმისათვის მჭირდება, რისი ყიდვაც საქართველოშია შესაძლებელი,  ასევე ის მასალებიც, რომლებიც იაპონიიდან ჩამოგვდის, მისი მოძიებული და შეძენილია. 

შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ნანა პროფესიით ექიმია, ასევე –  დიზაინერი. არა მარტო თოჯინები, მისი ხელით შექმნილი სამკაულები, ზარდახშები, სანათები, ჩანთები, თოჯინებთან ერთად, გერმანიის, საფრანგეთის, რუსეთის, ისრაელის და ამერიკის კერძო კოლექციებშია. იგი საქართველოში 90-იანი წლებიდან სხვადასხვა გამოფენაში მონაწილეობს: ქარვასლაში, ცისფერ გალერეაში, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში, ფოლკლორის ცენტრსა დარედისონში“. თუმცა პერსონალური გამოფენა ჯერ არ ჰქონია, არც სახელოსნო აქვს და ყველაფერი მის სასადილო ოთახში მზადდება.

ირმა მირზაშვილი

11081018_949708631729984_5712882272152285283_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები