ვახტანგ ჭაბუკიანის 105 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება

3–5 აპრილს ვახტანგ ჭაბუკიანის 105 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ბავშვთა და მოზარდთა, თბილისის II საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი გაიმართება, რომლის მიზანია საქართველოში მოღვაწე ყველა სახელმწიფო თუ კერძო სკოლის და სტუდიის აღსაზრდელების საშემსრულებლო დონის ამაღლება, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველ და არაქართველ პედაგოგთა თავმოყრა, შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარება, ასევე ვახტანგ ჭაბუკიანის ხსოვნის უკვდავყოფა და მისი შემოქმედების პოპულარიზაცია.

ფესტივალის მონაწილეები არიან; ადგილობრივი პროფესიონალი და მოყვარული მოცეკვავეები, სახელმწიფო სკოლები და სხვადასხვა სახის კერძო სასწავლო დაწესებულებები. აგრეთვე, საქართველოს ეწვევიან აზერბაიჯანის, თურქეთის და სხვა ქვეყნებში მოღვაწე კოლექტივები და სოლო შემსრულებლები. ფესტივალის ფარგლებში 3 აპრილს, 15:00 საათზე ბაქოს ქორეოგრაფიული აკადემიის ცნობილი და გამოცდილი პედაგოგი ელლა გაჯიევა ღია მასტრეკლასს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარებს.

4 აპრილს ფესტივალის ძირითადი ნაწილი გაიმართება, ხოლო 5 აპრილს გალაკონცერტი და დაჯილდოვების ცერემონია. საკონკურსო ნაწილში გამარჯვებულებს ქართველი და უცხოელი კვალიფიციური ჟიური გამოავლენს. ნომინაციები წარმოდგენილი იქნება კლასიკურ, თანამედროვე და სახასიათო ცეკვების ჟანრში. ფესტივალი საჩუქარს უკეთებს მიუსაფარ ბავშვთა დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრის ბავშვებს, რომლებიც 5 აპრილს გამართულ გალაკონცერტზე დასწრებას შეძლებენ. ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს პედაგოგ–ქორეოგრაფთა ასოციაცია. მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფესტივალი ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის საკონცერტო დარბაზი ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები