30 აპრილს მსოფლიომ ჯაზის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრში ლეგენდარულმა ჯაზშემსრულებელმა, კონტრაბასისტმა რონ კარტერმა და მისმა ტრიომ კონცერტი გამართეს. რონ კარტერი თბილისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით სპეციალურად ჯაზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ეწვია.
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის ნოემბერში იუნესკოს გენერალური დირექტორის ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის მუსიკოსის ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა. ჯაზის დღეს მსოფლიოს რამდენიმე ათეული ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის არის საქართველოც. წელს ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მთავარ გალა-შოუს პარიზში, იუნესკოს შტაბ-ბინა მასპიძლობს.
პირველად ჯაზის საერთაშორისო დღე 2012 წლის 30 აპრილს, პარიზში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ორლეანში გაიმართა და მას შემდეგ ყოველწლიურად ერთსა და იმავე დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ჯაზის ვირტუოზებს გრანდიოზულ გალა-შოუზე მასპინძლობს. მსოფლიო დონის ჯაზ-მომღერლები ერთად იკრიბებიან და მღერიან მშვიდობაზე, ტოლერანტობასა და თავისუფლებაზე. გასულ წელს ჯაზის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მთავარ ღონისძიებას იაპონიის ქალაქმა ოსაკამ უმასპინძლა. ღონისძიების მხარდამჭერია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, „თი-ბი-სი“ ბანკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები