ანსამბლი „შავნაბადა“ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი გახდა
ანსამბლი „შავნაბადა“, რომელსაც დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა, ამიერიდან აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის სტატუსით განაგრძობს შემოქმედებით საქმიანობას. „შავნაბადა“ 2005 წლიდან – დღემდე აქტიურად იყო ჩართული ქართული სიმღერა-გალობის განვითარება-პოპულარიზაციის საქმეში. 2015 წელი „შავნაბადას“ საიუბილეო თარიღია და ანსამბლი განსაკუთრებულად ემზადებოდა ამ თარიღის აღსანიშნავად, რა დროსაც მან მიიღო მნიშვნელოვანი და მისთვის საინტერესო შემოთავაზება.
ახალი სტატუსითა და სრული შემადგენლობით შეუერთდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთს“. „ანსამბლისთვის დიდად სასიხარულოა, რომ წილად ხვდა პატივი, პასუხისმგებლობით ემსახუროს ეროვნულ ინტერესებს და იდგეს ჩვენი ქვეყნის ისტორიული და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონის – აფხაზეთის მრავალფეროვანი ხალხური შემოქმედების დაცვისა და განვითარების სამსახურში. რაც შეეხება ტრადიციულ საშემსრულებლო თუ სხვა ტიპის აქტიურობებს, ამიერიდან მეტი გულმოდგინებითა და ერთგულებით გაგრძელდება „შავნაბადას“ მიერ წამოწყებული ყველა საქმე, მხოლოდ, ამჯერად, უკვე ახალი სტატუსითა და სახელწოდებით. ვისარგებლებთ შემთხვევით და უღრმეს მადლობას მოვახსენებთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, განათლებისა და კულტურის სამინისტროს და სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ ხელმღვანელობას – ჩვენთვის ამ ახალი და მეტად ღირსეული პერსპექტივის დასახვისათვის. ასევე, დიდი მადლობა თანადგომისათვის ჩვენს ერთგულ მეგობრებსა და გულშემატკივრებს, ასევე, მათ, ვინც ამიერიდან მათს რიგებს შეუერთდებიან და გპირდებით, კვლავაც გავამართლოთ თქვენი იმედები“, – ამბობენ ანსამბლ „აფხაზეთის“ წევრები. ანსამბლ „აფხაზეთს“ სამხატვრო ხელმძღვანელობას ლევან ღვინჯილია გაუწევს, ლოტბარი კი დავით ცინცაძე იქნება, რომელმაც 10 წლის წინ ასნამბლი „შავნაბადა“ დააარსა და დღემდე ხელმძღვანელობდა მას.
შეგახსენებთ, რომ 10 წლის განმავლობაში ანსამბლმა „შავნაბადამ“ რამდენიმე აუდიოდისკი და 5-ნაწილიანი საგალობლების შემსწავლელი დისკი გამოსცა, ამ ხნის განმავლობაში ანსამბლი არაერთხელ წარმდგარა საზოგადოების წინაშე, როგორც სოლო კონცერტებით ასევე, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის ღონისძიებებსა თუ კონცერტებში. უკვე წლებია ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები სამების საკათედრო ტაძრის გუნდის მგალობლებიც არიან. რაც შეეხება ანსამბლ „აფხაზეთს“, მის შემადგენლობაში ანსამბლ „შავნაბადას“ ყველა წევრის გარდა, ამიერიდან მომღერალი სოფო გელოვანიც იქნება.